“ვფიქრობ, მინისტრს ოპერატიული მასალა აქვს, განცხადებას სხვაგვარად არ გააკეთებდა”

შს მინისტრის განცხადებას, რომ სააკაშვილი ქაოსის შესაქმნელად და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას ამზადებს, პოლიტოლოგი კახა კახიშვილი ეხმაურება.
კახიშვილი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველი აქვს და მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება კონკრეტულ არგუმენტებს ემყარება.
პოლიტოლოგი მიესალმება მინისტრის იმ განცხადებას, რომ უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები, რომელიც ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციას გამორიცხავს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აღნიშნული პარტიის ლიდერებმა დააანონსეს, რომ ყველაფერი გაუარესდება და ჩვენ ვიცით ისიც, რომ მათი მხრიდან საბოტაჟის მცდელობის არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ამ თემაზე ამ დრომდე ექსპერტები ვსაუბრობდით. დღეს საკითხზე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვფიქრობ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, მას, სავარაუდოდ, აქვს შესაბამისი საფუძველი, ოპერატიული მასალა, მე ვერ ვიტყვი, რის საფუძველზე განაცხადა ეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ვარაუდის დონეზე ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. მეტიც, მან განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, უსაფუძვლოდ გამოძიება რომ არ დაიწყებოდა, ეს ცხადია, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და, ამასთან, პრევენციულად მომზადების სტადიაშივე შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებაა“, -განაცხადა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში ჩართვისას.
შს მინისტრის ინფორმაციით, სააკაშვილს ქაოსის შესაქმნელად მიცემული აქვს დავალებები, შექმნას ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი.
მინისტრი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები