“სერგეი ლავროვმა შეიძლება, შეგაქოს და ბევრი რამ ილაპარაკოს, მაგრამ მისი განცხადებების იმედად ნუ იქნებით, ნუ გაგიხარდებათ” – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას

“სერგეი ლავროვმა შეიძლება, შეგაქოს კიდეც და ბევრი რამ ილაპარაკოს, მაგრამ ლავროვის განცხადებების იმედად ნუ იქნებით! – ლავროვის განცხადებები ნუ გაგიხარდებათ!”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების თაობაზე კითხვას, რომლის ვარაუდით, საქართველო უახლოეს პერიოდში „3+3“ ფორმატს შეუერთდება.

“სამი წელია, საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ ამბობს, რომ ჩვენ ამ ფორმატში მონაწილეობას არ ვიღებთ და არ მივიღებთ. ლავროვის განცხადება  არის ლავროვის განცხადება – მისი ინტერესის გამოხატვა ისე, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციას სალაპარაკო მისცეს. გინდათ, რომ ლავროვის პოზიციით ოპოზიციამ რაღაცნაირად პოლიტიკური ქულები მოიპოვოს – მაშინ გაყევით ლავროვის ამ ლოგიკას, მაგრამ საქართველოს ხელისფლება თავის ლოგიკას მიჰყვება, რომელიც ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სერგეი ლავროვის შეფასებით, “საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“. მისივე განცხადებით, “ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები