ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ამ დონემდე მაინც არ დაეცემა და გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანთან ერთად ვიზიტში არ წავა
“პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით როცა მიდის, მას დელეგაციაში გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანები არ უნდა ჰყავდეს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „საქართველოს ეროვნული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც არ გამორიცხავს, მომავალში პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის, ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.
სამხარაძის თქმით, გაუგებარია, ლომჯარია პრეზიდენტის დელეგაციაში რა ვიზიტით უნდა იყოს.
„ალბათ, სალომე ზურაბიშვილისთვის კატასტროფა არის, თუ ის ნინო ლომჯარიასთან ერთად ერთობლივ ვიზიტებს გეგმავს. გაუგებარია, რა სტატუსი აქვს ნინო ლომჯარიას და რა სტატუსით უნდა იყოს პრეზიდენტის დელეგაციაში. ეს ყველაფერი ცოტა ფანტასტიკის სფეროდან ჟღერს და სრულიად გაუგებარია. დიდი იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ამ დონემდე მაინც არ დაეცემა და გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანთან ერთად ვიზიტში არ წავა. კატასტროფაა, რადგან პრეზიდენტის ვიზიტებს გარკვეული პროტოკოლი და ჩარჩო აქვს. შესაბამისად, როცა მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტია, მასში განსაზღვრულია თითოეული მონაწილის სტატუსი. პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით როცა მიდის, მას დელეგაციაში გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანები არ უნდა ჰყავდეს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ვიზიტებისას კონსტიტუციას აღარ დაარღვევს, თუმცა თუ ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე წავა, ეს კიდევ მეორე პრობლემა იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.