გიორგი კობერიძე: დასავლეთში თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რუსეთი ხვალ რას მოიმოქმედებდა, მაგრამ მათი ყოველი ნაბიჯი დღეს უკვე თვალნათელია

“ეს ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდია, ვერბალური საკანონმდებლო სიგნალები დასავლეთისთვის, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთი უფრო და უფრო თამამი და ხისტი ხდება, რაც დასავლეთისთვის სიახლე არ არის”,- ასე გამოეხმაურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე ბირთვული გამოცდის აკრძალვის შეთანხმების რატიფიკაციის გაუქმების თაობაზე რუსეთის დუმის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას.

როგორც კობერიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, დასავლეთისთვის რუსეთის ყოველი ნაბიჯი დღეს უკვე თვალნათელია.

“მედვედევმა ამ ხნის განმავლობაში ოცდაათჯერ მაინც ილაპარაკა ატომური იარაღის გამოყენებაზე და დასავლეთი უკვე მიეჩვია რუსების მუქარას. ამ ყველაფერს განსაკუთრებული შედეგები, ალბათ, არ მოჰყვება, მაგრამ, მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რუსეთმა კიდევ გააგრძელოს ეს პროცესი და მსგავსი შეთანხმებებიდან გამოვიდეს, რაც დასავლეთს ადარდებს. “ცივი ომისეული” ეტაპი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება ხანგრძლივ პერსპექტივას, არ არის გამორიცხული, რუსეთმა მართლა სადმე გამოცადოს ბირთვული შეიარაღება, ვგულისხმობ ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას, გადაიღოს ამ გამოცდის ვიდეოები და გაავრცელოს, რათა მეტი შიში დათესოს, მაგრამ რუსეთის ქმედებები პროგნოზირებადი გახდა და აღარ არის ისეთი, როგორიც თავიდან ჩანდა.

დასავლეთში თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რუსეთი ხვალ რას მოიმოქმედებდა, მაგრამ მათი ყოველი ნაბიჯი დღეს უკვე თვალნათელია და მათი რიტორიკის გახისტებაც აღარავის აშინებს. საფრთხე მინიმალურია. რუსეთის ხელისუფლებაში სხედან მკვლელები, მაგრამ არა თვითმკვლელები. მათ არ სურთ ისეთი პრეცედენტის შექმნა, სადაც თავდასხმით ომში ატომური იარაღის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ატომური ბომბი გამოიყენეს მხოლოდ ერთხელ და ისიც თავდაცვით და არა თავდასხმით ომში. თავდასხმით ომში ამ იარაღის გამოყენება დასავლეთს მიაყენებს კედელთან და მას სხვა გზა აღარ ექნება, რომ ან უშუალოდ ჩაერიოს ამ ომში, ან მწვანე შუქი აუნთოს უკრაინას, რათა ომი გადავიდეს სხვა მასშტაბზე, რუსეთის ტერიტორიაზე და მოიხსნას აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა შეიარაღებაზე. ეს უპირველესად რუსეთს დააზარალებს და, რა თქმა უნდა, უკრაინასაც.

თუმცა იმას, რომ რუსეთმა შეიძლება ბირთვული იარაღის საჩვენებელი გამოცდა­ გამართოს, ნამდვილად არ გამოვრიცხავ. მეტიც, პირიქითაც მგონია. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ბირთვულ იარაღს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რეალურად თავდაცვის იარაღია და მისი მფლობელი გამოიყენებს, თუკი მის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე. ბირთვული იარაღის შეტევითი პოტენციალი ძალიან მცირეა. ეს სამხედრო თვალსაზრისით არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ დარტყმის ადგილი დროებით გაუვალი იქნება, როგორც მოწინააღმდეგისთვის, ასევე გამომყენებლისთვის. თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებ ქალაქის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მასშტაბი დამანგრეველი იქნება და რუსეთის ხელისუფლება მთელი მსოფლიოს სამიზნე გახდება. ამიტომ მეეჭვება, ეს გააზრებული არ ჰქონდეს კრემლს, უბრალოდ, ჰგონიათ, ამით დასავლეთს დააშინებენ”, – განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები