ქეთი მეკერიშვილის მინის სამყარო

           მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი ნატურაა, ის არასდროს ოცნებობს, მოცემული მომენტისთვის მიუღწეველს და წარმოუდგენელს უბრალოდ მიზნად ისახავს, რომლისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ჯიუტად მიიწევს. წარმატებასაც ყოველთვის აღწევს, რადგან სჯერა, რომ მარტო არ არის და რომ უხილავი ძალა ზევიდან ყოველთვის ეხმარება…

– მოგვიყევი როგორ დაწყო მინასთან შენი მეგობრობა, როგორ შეხვდით ერთმანეთს?
– მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, მამას ზაფხულობით ერთ ადგილას მივყავდი, სადაც გოგირდიანი წყალი ამოდიოდა. მის სიახლოვეს მაზუთის გუბეები და დამსხვრეული მინის გორები იდგა. წლების შემდეგაც, ნათლად მახსოვს მაშინდელი ემოციები, როგორ მაოცებდა წყალში შერეული მაზუთი, რომელიც ცისარტყელას ყველა ფრად ლივლივებდა, მინის გორები, რომელიც საოცრად ბზინავდა და ირეკლავდა ირგვლივ ყველაფერს… ალბათ, მაშინ მოხდა პირველად ჩემი მოჯადოება (იცინის). სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თოიძის სახელობის ლიცეუმში ტანსაცმლის მოდელირების მიმართულებით გავაგრძელე, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო აკადემიაში მხატვრული მინის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ამ პროფესიის დაუფლება დავიწყე.
– ორი სიტყვით მოგვიყევი მინის დამუშავების ტექნიკაზე, რთული პროცესია?
– ფერადი მინა – ვიტრაჟი სივრცეში განსაკუთრებით მისტიკურ განწყობას ქმნის, ესთეტიკური და იდუმალია მნახველისათვის. მაგრამ იმისათვის, რომ ეს განწყობა შეიქმნას, საჭიროა საკმაოდ ხანგძლივი და შრომატევადი პროცესის გავლა. ფუსინგის, ანუ გამომწვარი მინის ტექნოლოგია, კლასიკური ვიტრაჟისაგან იმით განსხვავდება, რომ სასურველი ესკიზის შექმნის შემდეგ შესაძლებელია რამდენიმემეტრიანი სიბრტყე სურვილისამებრ გავხადოთ მკვეთრად რელიეფური, მივცეთ სიმრგვალე, შესაძლებელია იყოს გრაფიკულიც და ფერწერულიც. ტექნოლოგიური პროცესი საკმაოდ საინტერესოა, არსებობს უამრავი მინის კომპონენტი, რომელიც იძლევა სხვადასხვა ეფექტს, მინის დნობა 800-დან 900 გრადუსამდე ხდება და ამ დროს უკვე შესაძლებელია მისთვის სასურველი ფორმის მიცემა.
– ამ ყველაფერს, ბუნებრივია, სჭირდება ტექნიკური უზრუნველყოფა, ღუმელი, დანადგარები და ასე შემდეგ. საამქროს გაკეთება და ამუშავება არც ისე ადვილია, როგორ მოახერხე?
– ღვთის წყალობით და მეუღლის დახმარებით (იცინის). საქართველოში სწავლის შემდეგ რამდენიმე წლით საბერძნეთში წავედი, სადაც დავეუფლე კიდეც ფუსინგის ტექნოლოგიას და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდი მინის დიზაინერად, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იქ და დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით დავბრუნდი საქართველოში. მართალია მთელი ორი წელი მქონდა შემოქმედებით პაუზა, მაგრამ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანალოგიური სახელოსნო გვქონოდა საქართველოში, რაც ჩემთვის წარმოუდგენელიც კი იყო. აი ასე, მომეცა საშუალება, რომ ვიმუშაო და ქართულ საზოგადოებას მინის უპირატესობები გავაცნო. ვიცი, რაღაც დრო დამჭირდება ამისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ შედეგი ნამდვილად იქნება.
– ვიცი, რომ მინის აქსესუარები ძალიან პოპულარულია ევროპაში, რამდენად მოთხოვნადია იგი დღეს საქართველოში?
– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან კარგად იცნობენ იმ ტექნოლოგიას, რომლითაც მე ვსარგებლობ, შეიძლება ითქვას, რომ მე გავრისკე კიდეც, როცა ამ საქმეს მოვკიდე ხელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ მინა ისევე დაფასდება საქართველოში, როგორც უცხოეთში. ამ რწმენას ის ამოუწურავი პოტენციალი მაძლევს, რომელიც მინაში დევს, პატარა სუვენირებით დაწყებული, გრანდიოზული მონუმენტებით დამთავრებული, ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, ყველაფერი, რასაც ფანტაზია ეყოფა… ვიმედოვნებ, რომ მალე ქართველი არქიტექტორებიც დაინტერესდებიან და ითანამშრომლებენ ჩვენთან, მინის დიზაინერებთან…
– ნამუშევრებს წინასწარ დახატული ესკიზით აკეთებ თუ პროცესში ცვლი რაღაცებს?
– მინას ძალიან უხდება სინთეზური მასალები, მე, მაგალითად, ხშირად ვიყენებ სხვადასხვა ლითონს. ამ შემთხვევაში ესკიზს მხოლოდ კარკასის გამო ვაკეთებ და დაახლოებით ვარჩევ ფერთა გამას, თუმცა მუშაობის პროცესში ხშირად ვცვლი ჩანაფიქს, შემოქმედება ისეთი პროცესია, რომელსაც ვერ აკონტროლებ, პირიქით, აბსოლუტურად ხარ მასზე დამოკიდებული და თვითონ გმართავს…
– შემოქმედების გარდა რას უთმობ კიდევ დროს, განტვირთვის რა მეთოდს ანიჭებ უპირატესობას?
– მე გამიმართლა, მე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ამ საქმეს არასდროს ვეძახი მუშაობას, პირიქით, განტვირთვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის (იცინის). მხოლოდ ერთი რამ მახსენდება სახელოსნოში, აუცილებლად ვუსმენ მუსიკას. შემოქმედებისაგან თავისუფალ დროს მეუღლესთან და შვილთან ვატარებ, რომელიც წელს სკოლაში მიდის, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს ცხოვრებაში (იცინის).
– სამომავლო გეგმები გაგვიმხილე, რას აპირებ უახლოეს მომავალში? შემოქმედებითი კუთხით ვგულისხმობ…
– ჩემი უახლოესი და მთავარი გეგმა ამ ეტაპზე არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ვიმუშავო. მოგვიანებით, ალბათ, პერსონალურ გამოფენასაც გავაკეთებ. მაქვს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს…

გიორგი მიქაძე

10578306_10202929177736677_489992335_n

10656123_10202929178016684_116226503_n

10656566_10202929178056685_1900117240_n

10660596_10202929179416719_772726406_n

10660850_10202929177856680_710831355_n

10668123_10202929178176688_2022536307_n

10668294_10202929179256715_1264377032_n

10668313_10202929179496721_799150878_n

10668370_10202929179376718_243000070_n

10681568_10202929179296716_2008299628_n

10681621_10202929177656675_1179578343_n

10681636_10202929178096686_1746059030_n

10681755_10202929179336717_1762849915_n

10682141_10202929177896681_742679632_n

10695137_10202929177696676_1433796570_n

10695419_10202929179216714_763615418_n

10704776_10202929177816679_1436100228_n

10704882_10202929177976683_222085524_n

10704966_10202929177616674_2088356438_n

10705265_10202929179536722_1754388807_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები