გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტების ზედამხედველობის ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების მიზნით ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს. დაგეგმილი ცვლილება ითვალისწინებს ზედამხედველობის პროცესში კვალიფიციური გარე საზედამხედველო კომპანიების შესაძლო ჩართვას, რაც ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებასა და პროექტების უფრო ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, კომპანიამ პოტენციური მონაწილეებისთვის ღია კარის დღე გამართა. შეხვედრას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, მოადგილე სალომე ვაშაკიძე და დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პირობები განიხილეს, იმსჯელეს ზედამხედველობის მომსახურების ძირითად მიმართულებებსა და შესაძლო რისკებზე. ყურადღება გამახვილდა იმ მოთხოვნებზე, რომელთა დაცვაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია.
ახალი მოდელის დაგეგმვა კომპანიის ინსტიტუციური გაძლიერების ნაწილია და მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული სამუშაოების უფრო ხარისხიანად, ეფექტიანად და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განხორციელებას.