ინგუშური ენის დღე
ხვალ, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ინგუშური ენის დღე გაიმართება. ღონისძიებაზე ინგუშური ენის შესწავლის საკითხები იქნება განხილული. მასში მონაწილეობას ქართველ მეცნიერებთან ერთად ინგუში სტუმრებიც მიიღებენ. გაიმართება ინგუშური პოეზიის საღამო. საკონფერენციო დარბაზში ინგუშური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში ღვაწლმოსილ პირთა ფოტოები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება ინგუშური პერიოდიკისა და სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის, მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ინგუშური წიგნების გამოფენა. ღონისძიება ქართულ-ინგუშური საზოგადოება “პრომეთეს” ინიციატივითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართება.