უკრაინელი ახალგაზრდები ანაკლიაში დაისვენებენ
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი ახალგაზრდები ანაკლიაში, „მომავლის ბანაკში“ დაისვენებენ. 15-დღიანი სოციალური რეაბილიტაციის პროგრამას, რომელშიც 14-დან 18 წლამდე გოგონები და ბიჭები (სულ 130 ადამიანი) მონაწილეობენ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
პროგრამა სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყება, მონაწილე ბენეფიციართა ყველა ხარჯს: ტრანსპორტირებას, საკვებს, საცხოვრებელს ქართული მხარე დაფარავს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა წერილობით უკვე მიმართა უკრაინელ კოლეგას, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს ბატონ დიმიტრო ბულატოვს. ქართული მხარე უკრაინიდან ბენეფიციართა სიას ელოდება.