,,ლიტერატურული დღეები”

დღეს ბორჯომის ცენტრალურ პარკში კულტურული ღონისძიებები მოეწყობა. ,,ლიტერატურული დღეები” – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და ადგილობრივი ახალგაზრდების წიგნიერების დონის ამაღლებას, ლიტერატურული, შემოქმედებითი გარემოს შექმნას და რეგიონში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ემსახურება.
პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ინიციატივით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სხვადასხვა პარტნიორთან ერთად ხორციელდება. დედაქალაქიდან უკვე დაიძრა ,,მოძრავი ბიბლიოთეკა”, რომელიც პროექტის ,,წიგნი ყველა სოფელს” ფარგლებში შეგროვდა.
ღონისძიების მონაწილეები წიგნებს წაღვერისა და ბორჯომის მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებს გადასცემენ; 12.00 საათიდან ბორჯომის პარკის შესასვლელში განთავსდება გამომცემლობების პავილიონი, სადაც სხვადასხვა გამომცემლობა მოაწყობს წიგნების გამოფენა-გაყიდვას. დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს ლიტერატურულ ბლიც კონკურსში. ასევე შედგება პოეზიის საღამო და ადგილობრივი მკითხველების შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან: ნინო სადღობელაშვილთან, თორნიკე ჭელიძესა და თამთა გრიგოლიასთან. ღონისძიებებს კლასიკური მუსიკით გააფორმებს სიმებიანი კვარტეტი. ღონისძიების ფარგლებში ბორჯომის ცენტრალურ პარკში მოეწყობა ტრადიციული ქართული ჩაის კუთხე და დეგუსტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები