“აფხაზეთთან შედარებით, სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისს უფრო მკაცრი დამოკიდებულება აქვს” – გაგლოევის ე.წ. ადმინისტრაციის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი იური ვაზაგოვი მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში ანტირუსული ტენდენცია კვლავ დომინანტურია, თუმცა, “ე.წ. პრორუსული პოლიტიკური ძალების მხრიდან ისმის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% რუსეთის მომხრეა”.

ამის შესახებ მან ცხინვალში პრესკონფერენციაზე თქვა.

„სინამდვილეში კი, ეს ძალიან შორს არის რეალობასთან, რადგან საქართველოში, დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, დასავლური სტრუქტურები, ოფიციალური და არასამთავრობო ფონდები დაკავებული იყვნენ საქართველოს, ფაქტობრივად, ახალი აპოლიტიკური ელიტის, ახალი საზოგადოებრივი ფენების ჩამოყალიბებით. და უნდა ითქვას, რომ მათ ამაში დიდწილად წარმატებას მიაღწიეს“, – განაცხადა ვაზაგოვმა.

პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ “საქართველოში არის საზოგადოების აქტიური ნაწილის უამრავი ფენა, ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ბლოგერები, ინფორმაციის სპეციალისტები, ანუ ახალგაზრდობის აქტიური ნაწილი და ისინი, ზოგადად, დასავლეთისკენ არიან ორიენტირებულნი, ხოლო რუსეთთან ურთიერთობას არ განიხილავენ არც პერსპექტივის, ან რაიმე სხვა სახით”.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს საინფორმაციო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, მათი ქცევა საკმაოდ ცალსახაა. მათ შეიძლება, ვუწოდოთ პროუკრაინული, პროდასავლური და მკაცრად ანტირუსული. ოსებისა და აფხაზების მიმართ დამოკიდებულებაც საკმაოდ გულწრფელია. მათი აშკარა მოლოდინი არის, რომ რუსეთი დამარცხდება და დიდი ძალისხმევის გარეშე მიიღებენ იმას, რასაც სამი ათეული წელი ვერ მიაღწიეს“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ამავდროულად, ვაზაგოვმა აღნიშნა, რომ თუ “აფხაზეთთან მიმართებით საქართველო მაინც იძლევა მოჩვენებითი მოლაპარაკებების შესაძლებლობას და მათთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭებას, სამხრეთ ოსეთთან მიმართებით თბილისს უფრო მკაცრი დამოკიდებულება აქვს”.

„ანუ, ისინი ჩვენ მოლაპარაკებებში პარტნიორადაც არ გვხედავენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის განცხადება ოს და აფხაზ ძმებზე მართლაც ყველას მიმართ იყო, გარდა თვით აფხაზებისა და ოსებისა, რადგან საქართველოში საზოგადოების განწყობა ზოგადად, ცალსახაა. პოლიტიკოსებს და დიპლომატებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ დიპლომატიური ეტიკეტის დაცვისთვის, გარკვეული რევერანსები ჰქონდეთ, მაგრამ არ შეუძლიათ, თავიანთ საქმიანობაში არ ასახონ ის განწყობა, რაც საქართველოშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ არჩევნებზე შესაძლოა, გამანადგურებელი მარცხი განიცადონ“, – აღნიშნა ვაზაგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები