კახა კალაძე: ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ დღეს ემოცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, ცივი გონებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ

„ქვეყნის შიგნით წარმოდგენილი აგენტურა გარედან მიღებული მითითებით ცდილობს, რომ ყველაფერი ქართული და ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, წაბილწოს სხვადასხვა ქმედებით“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას საზოგადოება „ქართულის“ განცხადებას.

კახა კალაძის თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლება გარედან შემოსული თანხების შესახებ საუბრობდა, საზოგადოების ნაწილი ქილიკობდა, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაფერს ფარდა ახადა.

„ეროვნულ ცნობიერებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს ვინ ებრძვის ხომ ვიცით – ქვეყნის შიგნით წარმოდგენილი აგენტურა გარე დავალებებით. ისინი გარედან მიღებული მითითებით ცდილობენ, რომ ყველაფერი ქართული და ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, იყოს წაბილწული სხვადასხვა ქმედებით. თუნდაც სარწმუნოების მხრივ, პატრიარქის, ჩვენი კულტურის, ტრადიციების წინააღმდეგ გამოდიან. ეს შემთხვევითი არ არის, ყველაფერი იმართება და ფინანსდება გარედან.

არიან სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, ნებისმიერ სიბინძურეს გააკეთებენ და დავალებებს შეასრულებენ. ეს მიმართულია საზოგადოების გახლეჩვის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები აქვთ და ა.შ. ამაზე როცა ვსაუბრობდით, დაგვცინოდნენ, ქილიკობდნენ – რა გლობალური ომის პარტია, რა გარედან შემოსული თანხებიო. გამოვიდა დონალდ ტრამპი და ყველაფერს ახადა ფარდა, დაარქვა თავისი სახელი, თუ როგორ ხდებოდა სხვადასხვა სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით თანხების შემოდინება და ქვეყნის შიგნით რევოლუციას ხმარდებოდა. ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ დღეს ემოცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება. ცივი გონებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესები იყოს გათვალისწინებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები