კახა კალაძე – ოპოზიციის განცხადებებზე ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით: ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არის გაკოტრებული და გაუბედურებული
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის განცხადებები, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გამოწვეულია იმით, რომ მათ სათქმელი არაფერი აქვთ და გაკოტრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაიხსენა ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან ისმოდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
„პრემიერმა დღეს ვრცლად გააკეთა განმარტება, თუ რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას – ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნებზე არ ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მოწვევა. ის, რასაც ჩვენ ვისმენდით, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო. ოპოზიციას, ზოგადად, სათქმელი არაფერი გააჩნია, არის გაკოტრებული, გაუბედურებული. რა მდგომარეობაშიც არიან, თავად ხედავთ.
სხვათა შორის, მინდა გავიხსენო, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ეუთო/ოდირის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელიც ფეხქვეშ გათელეს. აღნიშნულ დასკვნას გადაუარეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აკაცუკებმა და უსამშობლო აგენტურამ, არამედ ქვეყნის გარეთაც. გახსოვთ, როგორი პროპაგანდა მიმდინარეობდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ეს იყო გამოწვეული იმით, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და შეტევა მიმდინარეობდა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ნებაზე.
“ეუთო/ოდირმა დაწერა ყველაფერი ის, რაც ნახა არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, თავად მიეღო გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობდა ეუთო/ოდირის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.