ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” – რამდენიმე სოფელში დაგვრჩა წყალმომარაგების პროექტები განსახორციელებელი, საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით 500-დან 180 ქუჩა გვაქვს კეთილმოსაწყობი, რასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გავაკეთებთ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, დავით კოდუა აცხადებს, რომ ზუგდიდის იერსახეზე ზრუნვა და ურბანული განვითარება ყველა მიმართულებით მისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, ამ მიმართულებით ძირითადი პრობლემები დაძლეულია, თუმცა შიდა ქუჩების, სანიაღვრე არხების, სპორტული და საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა და განახლება საჭიროა.

“დაგვრჩა რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების პროექტები განსახორციელებელი. ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით

500 ქუჩიდან 180 ქუჩა გვაქვს კეთილმოსაწყობი, რასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, აუცილებლად განვახორციელებთ.” – ამბობს ზუგდიდის მერობის კანდიდატი.

ის ასევე საუბრობს ერთ-ერთ პრიორიტეტულ პროექტზე, რომლითაც ზუგდიდი ისტორიულ იერსახეს დაიბრუნებს, კერძოდ, ცენტრალური ბულვარი დადიანების სასახლეს დაუკავშირდება, რაც ქალაქს ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველსაც გახდის. კოდუას თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება და კერძო სექტორის ხელშეწყობაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დარჩება.

“გვინდოდა, რომ გაგვეცოცხლებინა ეს ისტორიული იდეა, ამისთვის გამოვაცხადეთ ტენდერი. გამოვლენილია შემსრულებელი კომპანია, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს.

[სოფლის მეურნეობის კუთხით] გავაგრძელებთ როგორც დაფინანსებას, ისე თანადაფინანსებას. მოცვი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული კულტურა, რომელიც ჩვენს ქალაქში მნიშვნელოვანი მოგების მიღების საშუალებას მისცემს ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს”, – აცხადებს დავით კოდუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები