“უგულავას გეგმას და მიმართვას “ნაციონალებისადმი” პოლიტიკოსები და ექსპერტები აფასებენ
ბოლო პერიოდში მედიაში უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააქტიურებას აპირებს, ქვეყნაში არეულობის მოწყობის გზით კი ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვა სურს. აღნიშნულ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ დღეს ყოფილი მერის, გიგი უგულავას სახელით ციხიდან თანაგუნდელებისთვის გამოგზავნილი წერილი გავრცელდა, სადაც უგულავა თანაპარტიელებს სამოქმედო სტრატეგიას აცნობს, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. წერილის მიხედვით, პარტია ძალაუფლების დაბრუნებას პროვოკაციების მოწყობით გეგმავს. ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ყოფილი მერის მიერ საპატიმროდან თანაგუნდელებისადმი მიწერილ წერილი ძალიან საინტერესო დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ წერილში კარგად ჩანს, თუ რამდენად კვალიფიციურები არიან ისინი და რამდენად სერიოზულად უდგებიან ძალაუფლების დაბრუნების საკითხს. თუმცა, ექსპერტის აზრით, რეალობა სხვაგვარია და საზოგადოების ნდობის დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვთ. ამასთან, ექსპერტის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის განხორციელებით, შესაძლოა, მესამე ძალაც დაინტერესდეს. „ძალიან საინტერესო დოკუმენტია. კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად კვალიფიციურიები არიან და რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ თემას. ამ მხრივ სამაგალითოა, ხოლო ის, რომ რეალურად მათ რაიმე შეუძლიათ, ეს არის წმინდა ილუზია. რა თქმა უნდა, მათ არაფრის თავი არ აქვთ იმიტომ, რომ საზოგადოებამ მათ ვერდიქტი უკვე გამოუტანა. მათი ხელისუფლების დაბრუნების შანსებს მე ვერ ვხედავ. თუმცა მათი გეგმა არის ისე აწყობილი, რომ ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ვიღაც მესამე მხარემ შეიძლება ისარგებლოს. მათი ხელისუფლებაში დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია. მესამე მხარისთვის ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი საფუძველი. ვინ შეიძლება გახდეს მესამე მხარე, ამის თქმა გამიჭირდება“ , – განაცხადა გია ხუხაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ხელისუფლება იქნება სუსტი და მოცემულ რისკებს არ გაითვალისწინებს.
„თუ ასეთ რაღაცას განხორციელება უწერია, რეალურად პრობლემა უფრო არის ხელისუფლებაში, ვიდრე ოპოზიციის აქტიურობაში. ჯერჯერობით რისკები არის ძალიან მაღალი. ამ რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით მე ვხედავ სისტემურ პრობლემებს. ასევე ხელისუფლების ინტელექტუალურ, თუ სხვა ტიპის რესურის პრობლემებს რისკებთან ბრძოლისთვის“, – აღნიშნა ხუხაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური კი ყოფილი მერის წერილს უსტარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი პათოსი “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობას სრულად შეესაბამება. ძიძიგურის შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიციის ტაქტიკა კრახისთვისაა განწირული, რადგან ქვეყანაში დღეს სხვა ტიპის სტანდარტია. მისივე თქმით, მეთოდები, რომლის გამოყენებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აპირებს ადასტურებს იმას, რომ ისინი დროის მოთხოვნებს ჩამორჩნენ. “ისინი რაც ოპოზიციაში გადავიდნენ, სწორედ ასე ცდილობენ შექმნან ისტერიული ფონი ყველა მიმართულებით, ვითომ კრიმინოგენური მიმართულებითაა გაუარესება, თითქოს ეკონომიკაშია ჩავარდნა, თითქოს განათლების სფეროში კოლაფსია. ეს მათი სტილია, თუმცა ვფიქრობ, ეს ტაქტიკა კრახისთვისაა განწირული, ვინაიდან ქვეყანაში დღეს სრულიად სხვა ტიპის სტანდარტია. საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციისგან რაციონალურ და კონსტრუქციულ ჭრილში ოპონირებას ითხოვს და არა ისე, როგორც ამას ნაციონალები აკეთებენ. ასე ოპონირებდნენ “ნაციონალები” შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ და მაშინ ეს სავსებით გამართლებული იყო, ვინაიდან შევარდნაძის ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ვერცერთ გამოწვევას ვერ პასუხობდა. დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ იგივე მეთოდების გამოყენება ადასტურებს იმას, რომ ისინი დროის მოთხოვნებს ჩამორჩნენ, რაც ჩვენი პრობლემა ნამდვილად არაა”, – განაცხადა ძიძიგურმა სააგენტო “პირWელთან” საუბრისას.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ წერილი გიგი უგულავას არ ეკუთვნის. როგორც პარტიის წევრმა სერგო რატიანმა „კვირას“ განუცხადა, აღნიშნული საკითხი ჭორაობაა, ამიტომ ეს თემა დავიწყებას უნდა მიეცეს. შეგახსენებთ, რომ გაზეთმა “ქრონიკამ“ გიგი უგულავას მიერ თანაგუნდელებისთვის ციხიდან მიწერილ წერილი გამოაქვეყნა. წერილში გიგი უგულავა თანაგუნდელებს სამოქმედო სტრატეგიას აცნობს, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. “ა) სტანდარტული: ვიგებთ 2016 წლის არჩევნებს. ბ)ივანიშვილს უმხედრდებიან “ზაპადნიკები“, ირევა პოლიტიკური ლანდშაფტი და 2016-მდე დგება ახალი კოალიციის, ანუ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება. აქ არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ხელისუფლებაში მოდიხარ, ან მიდიხარ, ოღონდ 2016-ის მოგების მერე. გ) ისე ირევა სიტუაცია, რომ ხდება ის, რაც უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას, ანუ რევოლუციური სცენარი“,- აღნიშნავს უგულავა. გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ პირველი ვარიანტი ნაკლებად რეალისტურია. გიგი უგულავა განმარტავს, თუ რას წარმოადგენს გეგმის ამოცანა. ამონარიდი გიგი უგულავას წერილიდან: „1) სრული პოკალიფსის სურათის შექმნა. ა) ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ სექტორული პატარ-პატარა აქციები. მაგალითად, სერგომ (სავარაუდოდ, საუბარია, სერგო რატიანზე) ჩაიბას ის უფლებააყრილი სტუდენტები. იყოს 20- კაციანი აქცია, რეცეპტებზე. პატარა აქციებზე წამიკიდებ ვინმეს, მაგალითად, სრულიად უსაგნო კოსტიუმების აქციაზე, წამოეკიდა ვიღაც კანცელარიის დაცის უფროსი, რომლებსაც აქ ჩემი ექიმები ლანძღავდნენ სამი დღე. დიახ, უნდა ვიყოთ პროვოკაციულები და ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს ჯოჯოხეთი“, -აღნიშნულია უგულავას წერილში.