პაატა ზაქარეიშვილი: ევროკავშირში შესვლის შანსი არ უნდა დავკარგოთ

“კავკასიაში ამჟამად ახალი რეალობაა: სუსტდება რუსეთი, ძლიერდება ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთი, რომელიც პრაქტიკულად უსაფრთხოების გარანტად დაუდგა აზერბაიჯანს. საქართველოსაც შეუძლია გამოიყენოს თურქეთი, მით უმეტეს, უკვე აშკარაა, რომ თურქეთი აღმოსავლური დიპლომატიით, ღიმილით ცდილობს გაისტუმროს რუსეთი რეგიონიდან”, – ამის შესახებ ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ქვეყანამ ევროკავშირში შესვლის შანსი არ უნდა დაკარგოს.

“აშკარა იყო, რომ აზერბაიჯანი საბოლოო შეტევისთვის ემზადებოდა და ექსპერტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანი აღადგენდა თავის ძალაუფლებას. აშკარა იყო ისიც, რომ რუსეთი ხელს არ უშლიდა აზერბაიჯანს. ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როცა სახელმწიფოები პრობლემას სამხედრო ძალით წყვეტენ, თუმცა ყოფილა მშვიდობიანად მოგვარების ფაქტებიც. კავკასიაში ამჟამად ახალი რეალობაა: სუსტდება რუსეთი, ძლიერდება ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთი, რომელიც პრაქტიკულად უსაფრთხოების გარანტად დაუდგა აზერბაიჯანს. საქართველოსაც შეუძლია გამოიყენოს თურქეთი, მით უმეტეს, უკვე აშკარაა, რომ თურქეთი აღმოსავლური დიპლომატიით, ღიმილით ცდილობს გაისტუმროს რუსეთი რეგიონიდან. დიდი განსხვავებაა დასავლურ და აღმოსავლურ დიპლომატიას შორის. დასავლეთში რასაც ფიქრობენ, იმას ამბობენ, აღმოსავლეთში კი რასაც ამბობენ, იმას არ ფიქრობენ…

ბრმა და ყრუები უნდა ვიყოთ, რომ ვერ ვხედავდეთ, თურქეთის მიზანია რუსეთის შევიწროება. ერდოღანის განცხადება რუსეთის სასარგებლოდ ნიშნავს, რომ სურს მთლიანად ჩაიგდოს ხელში რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები, ამ განცხადებით გააბრუოს. თურქეთი და ჩინეთი რუსეთს თითქოს ჰიპნოზს უკეთებენ. ჩვენც ისევე როგორც აზერბაიჯანმა მოაწერა ხელი უსაფრთხოების დოკუმენტებს, ასევე უნდა მოვაწეროთ – რუსეთს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ უკან თურქეთია. უნდა გაიყვანოს რუსეთმა მისი ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად ჯარები საქართველოდან. უნდა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო არ დაუშვებს ძალისმიერი მეთოდებით აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საკითხების მოგვარებას. უნდა გავაძლიეროთ ევროკავშირის ყოფნა საქართველოში, რომელიც ჩვენთან უკვე არის სადამკვირვებლო მისიით, მაგრამ უნდა ვთხოვოთ გააძლიეროს, შექმნას სამშვიდობო ძალები – ამით აფხაზებსა და ოსებს შევუქმნით იმის გარანტიას, რომ არ ვაპირებთ ომს.

ახალი რეალობა უნდა შევქმნათ – არა ისეთი, როგორიც აზერბაიჯანმა, არამედ ევროპული რეალობა. თუ მართლა შევდივართ ევროკავშირში და არ ფარისევლობს “ქართული ოცნება”, ეს მშვენიერი შანსია გავაძლიეროთ ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტების მოგვარებაში, აფხაზებსა და ოსებს ვუთხრათ, რომ რუსები გადიან და ჩვენთან ერთად უნდა იყოთ ევროკავშირში, უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აფხაზებსა და ოსებთან ერთიან საქართველოში ცხოვრებაზე. რუსეთი უკრაინაში მარცხდება, კავკასიაშიც სუსტდება მისი გავლენა, დადგება დრო, ეკონომიკური სანქციებიც იმუშავებს და რუსეთს მოსთხოვენ პასუხს. მთავარი მოთხოვნა იქნება ჯარების გაყვანა ყირიმიდან, დონბასიდან, კავკასიიდან, მოლდოვიდან. ამ დროს საქართველოს მართებს პრინციპულობა – მან უნდა თქვას, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 5-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი, რომ მან უნდა გაიყვანოს ჯარები. რა თქმა უნდა, აფხაზეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მსოფლიოში ახალი რეალობაა. თავის დროზე ხომ გაიყვანა ჯარები ავღანეთიდან, გერმანიიდან, აღმოსავლეთი ევროპიდან? გაიყვანა იმიტომ, რომ მოსთხოვეს გაყვანა. ახლაც ასეთივე პერიოდი დადგა. რეგიონში ახალი რეალობაა, რომელიც ძალზე გააძლიერა თურქეთის ფაქტორმა. ნატოს წევრი თურქეთი 100 წლის შემდეგ ბრუნდება რეგიონში, საიდანაც 1921 წელს გავიდა. ის დაბრუნდა აზერბაიჯანის საშუალებით, თანაც ნატოს წევრი სახელმწიფოა, უფრო დემოკრატიულიც, ვიდრე რუსეთი. ბევრი პლუსი აქვს თურქეთს. ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც პრინციპულად და კატეგორიულად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არა ლაპარაკით, არამედ დოკუმენტზე ხელმოწერით. არასდროს ჩარეულა აფხაზეთის საქმეშიც. თურქეთი იმდენად ძლიერი ფაქტორია, რუსეთს მოუწევს თვალი გაუსწოროს რეალობას. ახლა შანსი გვეძლევა, რომელიც 5 წელიწადში აღარ გვექნება, ამიტომ ახლავე უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, “თურქეთი ძლიერდება და მერე მისი ინტერესები ხომ გაჩნდება საქართველოში” – რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი და მისი ინტერესები ერთმანეთს უნდა მოვარგოთ. კიდევ გავიმეორებ – თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ბუნებრივია, რაღაც ინტერესები ექნება. მთავარი ინტერესი დღეს აზერბაიჯანია, კასპიის ზღვა, იქით თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი – შუა აზიაში ყველა თურქულენოვანი სახელმწიფოა, გარდა ტაჯიკეთისა, საქართველო კი არის დერეფანი, ერთ-ერთი ტერიტორია, რომელთანაც უნდა ჰქონდეს კონტაქტი. რუსეთის ტერიტორიაზე 10 მილიონი თურქულენოვანი მოსახლეობაა, მაგრამ რუსეთი არ შეუშვებს თურქეთს. ამიტომ თურქეთი რუსეთიდან ვერ მოხვდება ცენტრალურ აზიაში, სამხრეთით კი ირანია, შიიტური სახელმწიფო, ჩვენ კი არც ისლამური სახელმწიფო ვართ და არც თურქულენოვანი. ჩვენ პრობლემა არ უნდა გვქონდეს თურქეთთან, მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ კარგი ურთიერთობა საქართველოსთან, რათა სხვა სახელმწიფოებთან ხიდის ფუნქცია შევასრულოთ. ბევრი ფაქტორია, ბევრი პლუსი. რუსებზე კი ლაპარაკი ვისაც სურს, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ. არა, ნიავიც არ უნდა შემეხოსო, არ გამოვა – ან უნდა ვიყოთ იმპერიაში, რუსეთის ნაწილი, ან დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გვქონდეს. ჩვენ სხვა მეზობელი არა გვყავს, რუსეთი და თურქეთია დიდი სახელმწიფოები, ავირჩიოთ, ვისთან გვინდა, დავფიქრდეთ და ისე გადავდგათ სწორი ნაბიჯი… დიახ, რუსეთისთვის აფხაზეთი სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყარაბაღი – აფხაზეთი შავ ზღვაზეა, რუსეთის საზღვარზე, ყარაბაღი კი მას სომხეთის ინტერესის დასაცავად სჭირდებოდა. რუსეთისთვის სომხეთს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ყარაბაღს, ამიტომ ყარაბაღში ფეხი მოიკიდა, რათა სომხეთისთვის შეეტყობინებინა, მე შენს ინტერესებს ვიცავო, მაგრამ ვერ იცავს, არ იცავს, მაინც აზერბაიჯანთან ურჩევნია ურთიერთობა. ეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყარაბაღი, ამიტომ დათმო, რათა შეინარჩუნოს აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი აუცილებლად გაუშვებს 2025 წელს თავისი ტერიტორიიდან რუსეთს. ჩვენ კი ჩუმად ვართ. უჩვენოდ აწყობენ სუფრას და მერე იქ სტუმრად მოგვიწევს ყოფნა. საქართველო გამქრალია მსოფლიო პოლიტიკის რადარებიდან. “ქართული ოცნება” თუ არ შეიცვალა, ხახამშრალი დავრჩებით, სტუმრად სამხრეთ კავკასიაში, სადაც წამყვანები იქნებიან აზერბაიჯანი და თურქეთი. სომხეთიც იძულებული იქნება შეეგუოს ამ რეალობას. საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც შავ ზღვაზეც არის და კავკასიაშიც. თურქეთის ინტერესებშია სტრატეგიულად იყოს კარგად საქართველოსთან, ვიდრე აზერბაიჯანთან, რადგან აზერბაიჯანი მხოლოდ კავკასიაშია. თურქეთი უკრაინასაც ეხმარება, ის მხოლოდ შავ ზღვაზეა. უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველო თურქეთისთვის, მაგრამ იმდენად პრორუსული გავხდით, თურქეთს ეშინია ამაზე ჩვენთან საუბარი, ეშინია, რომ დაიწყოს, ჩვენ კი ზურგი შევაქციოთ, ამიტომ ინიციატივა ჩვენგან უნდა იყოს, რომ არ ეგონოს, საქართველო რუსული ინტერესების გამტარებელიაო… ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს სრული უპერსპექტივობაა, არ იციან, რა იქნება 5 წლის შემდეგ, რეალობის შეცვლას ელოდებიან. საქართველო მათ არაფერს სთავაზობს. თუ ევროკავშირში მიგვიღეს, მათთვისაც ახალი რეალობა დადგება, მათაც სურთ შვილების კარგი მომავალი… გავანძრიოთ ხელი და მოვთხოვოთ რუსეთს გაიყვანოს ჯარები. ევროკავშირში შესვლის შანსი არ უნდა დავკარგოთ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები