რუსეთის პრემიერ-მინისტრი: გლობალური არასტაბილურობის მიუხედავად, მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა ძლიერდება
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, განაცხადა, რომ გლობალურ პოლიტიკასა და გლობალურ ეკონომიკაში არსებული ტურბულენტობის მიუხედავად, მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა ძლიერდება.
ამასთან, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანგმა აღნიშნა, რომ პეკინი მზადაა გააძლიეროს თანამშრომლობა მოსკოვთან, რათა უფრო ეფექტურად დაიცვას მათი საერთო ინტერესები.
შეხვედრაზე მიშუსტინმა აღნიშნა მათი ქვეყნების მიერ ახალი მასშტაბური პროექტების დაწყება, რაც, მისი თქმით, მოიცავს ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარებას, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის წარმოებას, ენერგეტიკის, მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის, კოსმოსური და მთვარის კვლევის სფეროში თანამშრომლობას.
„ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროგრამებს ავიაციისა და საავტომობილო წარმოების სფეროში, ვავითარებთ სატრანსპორტო დერეფნებს. ჩვენ ვმუშაობთ არქტიკის ექსტრემალურ პირობებში“, – დასძინა მან.
პრემიერის თქმით, ორ მეზობელს ფართო საერთო ინტერესები და ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი შეხედულებები აკავშირებთ.
მოსკოვი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ზრდას შეძლებს, რასაც ხელს შეუწყობს ჩინეთში მოგზაურობისას რუსებისთვის უვიზო რეჟიმზე გადასვლა.
მიშუსტინმა ასევე მიიწვია ლი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, რომელიც 17-18 ნოემბერს, მოსკოვში გაიმართება.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ორშაბათს ჩავიდა, სადაც ის ასევე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.