გერმანიის მმართველი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი კარსტენ ლინემანი გერმანიაში ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცების მზარდი რაოდენობით უკმაყოფილოა.
მისი თქმით, პირველ რიგში, ასეთმა უკრაინელებმა გერმანიის სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში განაცხადი არ უნდა შეიტანონ, არამედ სამსახური უნდა ეძებონ.
„მე არავის დეპორტაცია არ მინდა. თუმცა, თუ ვინმე გერმანიაში ჩამოდის და ახალგაზრდაა, მაშინ, რა თქმა უნდა, ის არ უნდა დაეყრდნოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემას. მისი მიზანი უნდა იყოს სამსახურის პოვნა“, – განმარტა ლინემანმა.
მან დასძინა, რომ უკრაინელებთან დაკავშირებული სიტუაცია განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან.
„ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია: მშვიდობა და თავისუფლება. ჩემთვის მიუღებელია, რომ ამდენი ახალგაზრდა ჩვენთან მოდის, რადგან უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ეს ხალხი იქ საჭიროა“, – აღნიშნა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკოსმა.
ამასთან, ბავარიის პრემიერ-მინისტრმა, მარკუს ზოდერმა გააძლიერა მოწოდებები ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცების ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის შესახებ და მოითხოვა, რომ ევროკავშირმა ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინაზე ზეწოლა მოახდინოს.