სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის არის ბრალდებული, პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელა, მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ პატიმრობა ძალაში დატოვა.
ხოშტარიას ამ საქმეზე 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც დადგენილი ვადაში, მისივე პოზიციიდან გამომდინარე არ გადაიხადა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გირაოს თანხა არ არის გადახდილი, შესაბამისად, დადგა მოცემულობა, რომ აღკვეთის ღონისძიებით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩეს.

რაც შეეხება ბრალდებულ ელენე ხოშტარიას, ის მისი ბრალდების საქმეზე პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები