ომის ვეტერანმა, ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა

მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის -IFA-ს ეგიდით, აზერბაიჯანში, ბაქოში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მსოფლიოს 30 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ჩემპიონატში, რომელიც მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაიწყო და 1-ელ ნოემბრამდე გასტანა, საქართველოდან 14 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას; მათ შორის იყო აფხაზეთის ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში ინდოელი მეტოქე დაამარცხა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დაეუფლა ჩემპიონატის მთავარ პრიზს_ოქროს ქამარს.

‘ჩემპიონს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ომის ვეტერანები, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე და გულშემატკივრები დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძე, რამდენიმე კატეგორიაში ერთად ასპარეზობდა და მძიმე წონით კატეგორიაში სხვადასხვა საპრიზო ადგილებიც მოიპოვა.

ზვიად ხაჩიძე არის მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

როგორც ჩემპიონმა განაცხადა, ის ამ და მის ყველა გამარჯვებას უძღვნის საქართველოს ვეტერანებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს ვეტერანები, ულოცავენ ზვიად ხაჩიძეს ამ ღირსეულ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ”, – წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები