ირაკლი კობახიძე: ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
მისი თქმით, პარტიაში იმედოვნებენ, რომ ამ შემთხვევაში, სამართლიანად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ძირითადად სამ თემას ეხებოდა რეკომენდაციის შესასრულებელი პუნქტები.
ერთი იყო სასამართლო – მათი რეკომენდაცია იყო, რომ პროექტი შეგვემუშავებინა და გაგვეგზავნა ვენეციაში, ასეც გავაკეთეთ, ველოდებით პასუხს.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას: ჯერ დადებითად შეაფასეს უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, ამის მიხედვით მოვამზადეთ ჩვენი და მერე გვითხრეს არ მიიღოთო. ესეც მანამდე იმიტომ ვერ შევასრულეთ, რომ იქამდე სხვა რამეს გვთხოვდნენ, შემდეგ კი სხვას. როგორც შეცვალეს, ისე შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და გადავაგზავნეთ.
საარჩევნოს რაც შეეხება – ამაზე იყო შენიშვნა, რომ დაგვებრუნებინა კვალიფიციური უმრავლესობის წესი, ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი პროექტი და გადავაგზავნეთ.
ყველაფერი თავიდან ბოლომდე გავაკეთეთ. ახლა ვენეციის კომისიას ველოდებით ამ პუნქტებთან დაკავშირებით, რომლის რეკომენდაციასაც გავიზიარებთ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.
შარშან, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მათ ჰქონდათ 0 პუნქტი შესრულებული, ეს სტატუსი კი ავანსად მიიღეს. დღეს, ერთს 9-იდან 3 აქვს შესრულებული, მეორეს კი 7-იდან 2. ეს პრინციპულად 99% პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, შარშანაც ასე იყო. სამწუხაროდ, სრულიად უსამართლოდ არ მოგვენიჭა ჩვენ კანდიდატის სტატუსი. წელსაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში, სამართლიანად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ „ღამის კურიერში“.