თეა წულუკიანი: დესტრუქციულ ოპოზიციას დარბაზში ჰყავდა მხოლოდ 4 ნერვებაშლილი ქალი და არმაზ ახვლედიანი – ლუზერებით და უზრდელებით, ოპოზიციური პარტიები ვერსად გაფრინდებიან
ჩვენ დღეს დარბაზში ვიხილეთ დესტრუქციული ოპოზიციისგან შემდეგი სურათი, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას დარბაზში არ ჰყავდა კაცები. ჰყავდათ მხოლოდ 4 ნერვებაშლილი ქალი და არმაზ ახვლედიანი. ეს არის მათ დიაგნოზი, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ლუზერებით და უზრდელებით, ოპოზიციური პარტიები ვერსად გაფრინდებიან.
„მათ ვერ მიაღწიეს ომს და, ახლა, როგორც ჩანს, შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში, როდესაც დესტრუქციული, მაგრამ ოპოზიცია, რომელიც არჩია ხალხმა, უარს ამბობს იჯდეს დარბაზში და თავის სტრატეგიად ირჩევს იმ უზრდელობას, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ ქალების მხრიდან. ირჩევს ჩხუბს და მუშტი-კრივს, ირჩევს მუქარას და სხვა ამგვარ ქცევებს. ეს ნიშნავს, რომ რაკი ომს ვერ მიაღწიეს, ცდილობენ ამ ქვეყანაში მოაწყონ პროვოკაციები ქუჩაში და დესტაბილიზაცია. არმაზ ახვლედიანი ვერ იქნება თქვენი ბრძოლის იარაღი, იმიტომ რომ ლუზერებით და უზრდელებით, ოპოზიციური პარტიები ვერსად გაფრინდებიან. ამ ქვეყანაში ომი არ მოხდა და ვერც დესტაბილიზაცია მოხდება.
მე ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს. ამიტომ სწორედ აქედან გავაგრძელებ. პირველად ქართული აფროსნების ფედერაციის ისტორიაში, სამინისტრომ აფროსნებისთვის შეიძინა 5 ცალი ე.წ. ლაზერის კლასის ნავი, რომელზეც შემიძლია ეს ქალები გავასეირნო. მეტი არ ვიცი, როგორ შეიძლება დავაწყნაროთ“, – განაცხადა წულუკიანმა.