გია ცაგარეიშვილი: მოჩქარეს მოუგვიანდესო, ასე ემართება ზოგიერთ ჩემს კოლეგას
“ჩვენ მომავალშიც დავიცავთ საქართველოს კონსტიტუციას და ვფიქრობ, რომ ეს არის ქვაკუთხედი ჩვენი საქმიანობისა ქართულ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
ცაგარეიშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ ოთარ ფარცხალაძის შესახებ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ეს მოსალოდნელიც იყო. მოჩქარეს მოუგვიანდესო, ასე ემართება ზოგიერთ ჩემს კოლეგას. მიმდინარეობს 2 წარმოება – იუსტიციის სამინისტროსა და სუს-ში. მაგრამ აფორიაქებული აქვთ სული ამ ადამიანებს, ახლა ფიქრობენ: „ამ თემას უნდა ამოვარტყათ ჩანგალი“, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და გაცვივდნენ ქუჩაში. „არიქა, ანადგურებს საბანკო სექტორს „ქართული ოცნება“, ფეხქვეშ გათელა ჩვენი უფლებები“ და გამოხატავენ ამ აბსოლუტურად უსაგნო აღშფოთებას. არადა ძალიან მარტივად არის საკითხი – ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენს საქმიანობაში, მათგან განსხვავებით. ჩვენ თავისუფლება მორჩილებაში კი არ გაგვიგია და ასე კი არ ვთარგმნით თავისუფლებას, პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის წინაშე, კონსტიტუციის დაცვის წინაშე არის უდიდესი მოვალეობა საქართველოს მოქალაქისა და მით უმეტეს პარლამენტის წევრისა და პოლიტიკოსისას. ამ იდეით ვართ განმსჭვალულები. მიაჩნიათ, რომ თუ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, ვართ მონები. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამგვარ „თავისუფლებაში“, რომელიც უსაგნო მორჩილებაა, ეძებენ გამოსავალს, თვითონ ხდებიან თვალსა და ხელს შუა მონები და სხვებს აბრალებენ შემდეგ მონობას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე.
ცოტა ხნის წინ, იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.