გია ცაგარეიშვილი: ამ 15-16 წლის განმავლობაში პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთ აღვირახსნილ ქცევას, განსაკუთრებით ქალბატონი დეპუტატების, არ შევსწრებივარ

“ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაინახეს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რა სურთ მათ რეალურად. სხვათა შორის, სუს-ის ერთგვარი პროგნოზი, განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამომზეურდა, ნათლად ახდა”, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის კონსტიტუციას იცავს.

„ჩვენ ვიცავთ საქართველოსა და მისი მოქალაქეების უფლებებს, ვიცავთ ქვეყნის კონსტიტუციას. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი საქმიანობის ქართულ პოლიტიკაში. აღნიშნულისგან განსხვავებით, არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ყოველდღიურად არღვევენ, მათ შორის, უხეშად არღვევენ ქვეყნის მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, არ ფიქრობენ მათ უფლებებზე, არადა პოლიტიკაში არიან ჩართულები და დილიდან საღამომდე ქვეყნის სიყვარულს, პატრიოტიზმს, ქვეყნისადმი ერთგულებას ქადაგებენ, ყოველდღიურად ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ.

ამ 15-16 წლის განმავლობაში პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთ აღვირახსნილ ქცევას, განსაკუთრებით ქალბატონი დეპუტატების, არ შევსწრებივარ. ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაინახეს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რა სურთ მათ რეალურად. სხვათა შორის, სუს-ის ერთგვარი პროგნოზი, განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამომზეურდა, ნათლად ახდა. შეხედეთ ამ ავაზაკი, საპატიმროში გამოკეტილი, ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებებს – თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუს არ მიიღებს, ქუჩაში უნდა გამოვიდნენ და ხელისუფლება დაამხონ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები