“სომხეთსა და აზერბაიჯანს ჩვენ მხოლოდ მოწოდებების დონეზე შეგვიძლია, თბილისი მოლაპარაკებების მაგიდად შევთავაზოთ, თუმცა, როგორც ჩანს, სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს ფორმატი არ აწყობს” – ზაალ კასრელიშვილი

“სომხეთსა და აზერბაიჯანს ჩვენ მხოლოდ მოწოდებების დონეზე შეგვიძლია, თბილისი მოლაპარაკებების მაგიდად შევთავაზოთ, თუმცა, როგორც ჩანს, სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს ფორმატი არ აწყობს. მათ პრობლემის ინტერნაციონალიზაცია სურთ, რათა ამით შედეგზე გავიდნენ და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე გარანტიები მიიღონ. მათ სურთ, ხელშეკრულებაში საკვანძო მნიშვნელობის საკითხები მოხვდეს და ეს საერთაშორისო საზოგადოების, ორგანიზაციების მხარდაჭერისა და მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.

ანალიტიკოსი ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა.

“მოგეხსენებათ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები განახლდა, შეტაკებები დაიწყო, არის მსხვერპლი. ჯერჯერობით, მოლაპარაკების პერსპექტივა არ ჩანს. საერთაშორისო საზოგადოება განცხადებებით შემოიფარგლება. როდესაც 44 – დღიანი ომის შემდეგ სომხეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ზავის პირობებს ხელი მოაწერა, სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო. ჩვენ მაშინ აღვნიშნეთ, რომ სომხეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით პრობლემის ინტერნაციონალიზაციას ცდილობდა. ამის შემდეგ სომხეთის პრემიერმა მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერთან, რუსეთის პრეზიდენტთან, ევროპელ ლიდერებთან, ასევე, შეხვედრები აშშ-ში ჰქონდა. ამის შემდეგ პაუზა იყო. სომხეთის პრემიერმა თავის ქვეყნისთვის, თავის მმართველობისთვის, თავის ხალხისთვის, როგორც ჩანს, რაღაც სათანადო გარანტიები მოითხოვა. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, შემდეგ კი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა იყო. ასევე, გაიმართა სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა აშშ-ში, სახელმწიფო მდივანთან. სომხეთის პრემიერი თურქეთში იყო ჩასული, შემდეგ კი – უკრაინაში. ჩვენი ვარაუდი შეგვიძლია, გითხრათ: ჩვენი აზრით, სომხეთის პრემიერმინისტრმა ვერ მიიღო სათანადო გარანტიები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რითაც ის საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარდგა.
44- დღიანი ომში მარცხის შემდეგ გადაწყვიტეს, საკუთარი ძალა ეჩვენებინათ. მიუხედავად ომში მარცხისა, ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენონ, რომ სომხეთი ანგარიშგასაწევი ძალაა, რომ მათ, როგორც მინიმუმ, რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის სიტუაციის არევა შეუძლიათ.
ეს რამდენად გამოუვათ, დრო გვაჩვენებს. ძალიან ეჭვი გვეპარება, რომ ამით შედეგზე გავიდნენ ვითარებაში, როცა რუსეთ-უკრაინის ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის და საერთაშორისო საზოგადოებას სხვა პრობლემებისთვის ნამდვილად არ სცალია. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემის ინტერნაციონალიზაციის ეს მცდელობა საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. უკვე კეთდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედებები აუცილებლად უნდა შეწყდეს და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ, რომ აზერბაიჯანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ისარგებლოს ამ ინციდენტით და ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობა არ უნდა განდევნოს.
ასევე, რუსეთის მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი არაფერ შუაშია, სომხეთის პრემიერმა და მოსახლეობამ ეს არჩევანი თავად გააკეთეს. ბუნებრივი კითხვა ჩნდება – ცდილობს თუ არა სომხეთი, რუსეთის გავლენის ორბიტიდან გავიდეს? რა თქმა უნდა, ცდილობს. ისინი ამას არც მალავენ, ამბობენ, რომ მარტო რუსეთთან ურთიერთობამ მათ უსაფრთხოების სათანადო გარანტიები არ მისცა. ცდილობს, მაგრამ არ ჩქარობს, როგორც ჩანს, კუდის მოქნევის ეშინია. იცით, სომხეთში რუსეთის ბაზებია. ამის გარდა, აზერბაიჯანთან ურთიერთობა ჯერ გარკვეული არ აქვს. შესაბამისად, ურთიერთობა არც თურქეთთან, არც ირანთან აქვს გარკვეული. მაინც რა გარანტიებს ითხოვს სომხეთი ისეთს, რომ აქამდე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ვერ მიიპყრო? დღეის მონაცემებით, სომხეთს ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აქვს აღიარებული, მაგრამ სომხეთის რესპუბლიკის საჭიროების ხარისხის გაზრდა უნდა. ამისთვის მყარი გარანტიები 3 საკითხზე სჭირდება. პირველი საკითხია ზანგეზურის დერეფნის სტატუსი და გარანტიები იმაზე, რომ სომხეთი ამ კორიდორის არა მარტო გეოგრაფიული მმართველი და პატრონი იქნება, არამედ ეს ის თემაა, რომლითაც სომხეთი საერთაშორისო საზოგადოებისთვის თავის საჭიროების ხარისხს გაზრდის.

მეორე საკითხი ლაჩინის უღელტეხილი და აზერბაიჯანთან ერთობლივ კონტროლზე მასთან დაკავშირებული შეთანხმებაა. მესამე საკითხი ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის უფლებები და მათი დაცვაა.

ეჭვი გვეპარება, რომ ამ ეტაპზე სომხეთმა ეს გარანტიები მიიღოს, სანამ რუსეთ- უკრაინის ომი არ დამთავრდება. თუ სომხეთმა ეს გარანტიები მიიღო,
მიზანს მიაღწია და საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულებაში ამ მოთხოვნებს ჩაადებინებს, მაშინ სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელ-ფეხი ექნება გახსნილი, რუსეთის გავლენის ორბიტიდან გამოვიდეს.
აზერბაიჯანის მხარეც არაა გულხელდაკრეფილი და გარდა იმისა, რომ საომარ მოქმედებებს წარმატებულად ახორციელებს, ის თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, თურქეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას და, შეიძლება ითქვას, შეთანხმებულად მოქმედებენ, რადგან ზანგეზურის დერეფნის სტატუსი და მისი მომავალი სამომავლოდ თურქეთ- ირანის ურთიერთობაზე პირდაპირ აისახება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს ჩვენ მხოლოდ მოწოდებების დონეზე შეგვიძლია, თბილისი მოლაპარაკებების მაგიდად შევთავაზოთ, თუმცა, როგორც ჩანს, სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს ფორმატი არ აწყობს. მათ პრობლემის ინტერნაციონალიზაცია სურთ, რათა ამით შედეგზე გავიდნენ და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე გარანტიები მიიღონ. მათ სურთ, ხელშეკრულებაში საკვანძო მნიშვნელობის საკითხები მოხვდეს და ეს საერთაშორისო საზოგადოების, ორგანიზაციების მხარდაჭერისა და მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები