“ადამიანის უფლებებს უხეშად და სისტემურად არღვევდნენ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და უნდათ, რომ იგივე წესი დაამკვიდრონ დღეს, უკვე ოპოზიციიდან” – ირაკლი კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა:
„ეს (ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება) ხომ სახელმწიფოს საქმე არ არის, ეს არის შესაბამისი პირის საქმე. სახელმწიფოს საქმეა, თავად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქის ინტერესები იყოს დაცული. რაც შეეხება კონსტიტუციურობას, ესეც არის ისეთივე მარტივი კაზუსი, როგორიც იყო იმპიჩმენტთან დაკავშირებით, უმარტივესი კაზუსია. მთავარი, რაც აღელვებს მუდმივად რადიკალურ ოპოზიციას, არის ის, რომ როგორმე უნდათ, გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.
არ შეიძლება სახელმწიფოს გაყვანა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, განსაკუთრებით – ადამიანის უფლებების სფეროში. ჩვენ ხომ ვიცით, ეს რა პოლიტიკური ძალაა. ისინი არღვევდნენ უხეშად და სისტემურად ადამიანის უფლებებს როცა იყვნენ ხელისუფლებაში და უნდათ, რომ იგივე წესი დაამკვიდრონ დღეს, უკვე ოპოზიციიდან. ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივცემთ. ეს არის სახელმწიფო, რომელიც უფრთხილდება საკუთარ კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და იცავს განუხრელად ადამიანის ძირითად უფლებებს“, – განაცხადა კობახიძემ.