რატი იონათამიშვილი – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: მიღებულია ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მივდივართ სამოქმედო გეგმის დამტკიცების გზით
მიღებულია ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მივდივართ სამოქმედო გეგმის დამტკიცების გზით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მან კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაზე ჩაგდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„მიღებულია ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მივდივართ სამოქმედო გეგმის დამტკიცების გზით. ეს არის ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული პოზიცია. მნიშვნელოვანია, რომ გეგმა მთავრობაში უკვე შემუშავებულია და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებით დამტკიცდება. ამდენად, კიდევ ერთი შეთანხმების ირგვლივ სპეკულაციისთვის არანაირი სივრცე არ დარჩება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრაზე “ჩააგდო”.