პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და ჩააგდო.

აღნიშნულ კანონპროექტს კენჭისყრაზე სამი მომხრე და ორი მოწინააღმდეგე ჰყავდა.

კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა, რომ პროექტისათვის მხარი არ დაეჭირათ.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი ვენეციის კომისიას კვირის ბოლომდე გაეგზავნება.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გაიტანა.

აღნიშნული კანონპროექტი განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს ისეთი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქთა) გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება. აგრეთვე ადგენს ამ პირთა წინააღმდეგ მიმართულ აღსრულების ღონისძიებათა შინაარსსა და პროცედურას. პროექტით წესრიგდება პირის ოლიგარქად ცნობასთან, ოლიგარქთა რეესტრთან და ოლიგარქად ცნობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებული საკითხები.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შევთანხმდით, რომ კანონის გზით შესაძლებელია ეს საკითხი არ დარეგულირდეს და მთავრობის მეშვეობით ახლო პერიოდში დამტკიცდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე  კონსულტაციის შედეგად იქნება დამტკიცებული, შესაბამისად ჯობს საკითხი სწორედ ამ ფორმით დარეგულირდეს.

ჩვენი „ნოუჰაუ“ არ ყოფილა საკითხის ამ ფორმით მოწესრიგება, ჩვენ თავიდანვე ვიყავით იმ პრინციპის ერთგული, რომ თავად ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან იყო მოწონებული უკრაინაში ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ჩვენ გავყევით სწორედ  ევროკავშირში აპრობირებულ გზას, ევროკავშირის მიერ მოწონებულ მიდგომას. თუმცა, რადგან არის შემოთავაზება ვენეციის კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან კონსულტაციის შედეგად რომ ეს საკითხი კანონის გზით არ მოწესრიგდეს და დარეგულირდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმით, გთავაზობთ, რომ ამ საკითხს კენჭისყრის დროს მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები