ირაკლი კობახიძე: დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე
„საქართველოს მოქალაქეობაც აქვს და შეიძლება, სხვაც აქვს. დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე, მე არ ვიცი, (აქვს თუ არა რუსეთის მოქალაქეობა), მაგრამ ვიცი, რომ არის საქართველოს მოქალაქე”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის განცხადების თაობაზე აღნიშნა.
კობახიძის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის შესწავლა დაწყებული აქვს.
“ყველაფერი შეიძლება, იქნეს შესწავლილი. მე როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროს აქვს დაწყებული მოქალაქეობის შესწავლა. ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ვიდრე პირი არის საქართველოს მოქალაქე, მასზე ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქეზე. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი თემა. გარკვეული კომენტარები ვნახე ამ თემაზე და შეიძლება ოროსანი ანა ბუჩუკური ვერ ერკვეოდეს ასეთ თემებში, თავი სპეციალისტი ჰგონია, მაგრამ ოროსანია სინამდვილეში. რაც შეეხება რომან გოცირიძის კომენტარს, იცის ხოლმე კარგი ხუმრობები, მაგრამ რაც შეეხება სერიოზულ თემებს, მასაც ძალიან უჭირს ხოლმე. თუ პირი ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებს ქართულ უწყებებს, ამ შემთხვევაში საკითხის შესწავლა იწყება და შეიძლება დადგეს მათ შორის, დღის წესრიგში მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი. მე როგორც ვიცი, ამ საქმის შესწავლა დაწყებული აქვს იუსტიციას, ეს არის უწყებების საქმე, დაელოდეთ და ნახავთ”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გაგზავნილა – ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.