როგორ იმუშავებს “სურსათის ბანკი” საქართველოში – FAO-ს წარმომადგენლის განმარტება
როგორ იმუშავებს “სურსათის ბანკი” საქართველოში და რა მიზნით იქმნება ის – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ, ერთი მხრივ, სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია მოხდეს, მეორე მხრივ, ამუშავდეს სისტემა, რომელიც სურსათის ორგანიზებულად შეწირულობას უზრუნველყოფს.
“სურსათის დანაკარგების და ნარჩენების შემცირება, სურსათის შეწირულობის საკითხები გლობალურად ის თემებია, რომელზეც “გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის” ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ჩვენ დაახლოებით 4 წლის წინ საქართველოს მაგალითზე აღნიშნული საკითხის მოკვლევა დავიწყეთ, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა, რა მექანიზმები იყო საჭირო იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის პრევენციაზე გვეზრუნა და, მეორე მხრივ, საქართველოში ამუშავებულიყო სისტემა, რომელიც სურსათის ორგანიზებულად შეწირულობას უზრუნველყოფდა, ვგულისხმობთ “სურსათის ბანკებსა” და სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებს. რაც შეეხება თავად “სურსათის ბანკის” გაგებას და კონცეფციას – ეს არის ორგანიზებული, არამომგებიანი იურიდიული პირი ( ამ შემთხვევაში, კანონპროექტით მას სურსათის ბინზესოპერატორის სტატუსი მიენიჭება), რომელიც სურსათის შეწირულობას და მის მოსახლეობაზე გადანაწილებას უწევს ორგანიზებას. ეს არის ორგანიზებული სისტემა, რომელიც მიღებული შეწირულობის – სურსათის ორგანიზებას, დახლზე განთავსებას, უვნებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ეს “სურსათის ბანკის” პასუხისმგებლობა იქნება.
ჩვენ საკმაოდ დადებითი მოლოდინები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ “სურსათის ბანკები” საქართველოში იოპერირებენ. უკვე გაცხადებულია მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან, რომ პირველი “სურსათის ბანკები” საპილოტე რეჟიმში ჩაეშვება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ პროცესს დავაკვირდეთ.
ვის შეუძლია, მიმართოს “სურსათის ბანკის” – საუბარია, პირველ ყოვლისა, იმ მოქალაქეების კატეგორიაზე, რომელსაც ამის აუცილებლობა და საჭიროება აქვს, მაგრამ აღნიშნული სურსათის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ვისაც “სურსათის ბანკზე” მიუწვდება ხელი, ეცოდინება, სად მდებარეობს ის.
კერძო სექტორის მხრიდან მაღალი ინტერესი და ენთუზიაზმია. ამ ინტერესს აჩენს, მათ შორის, ის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც კანონპროექტშია ჩადებული, ესაა ფისკალური შეღავათები. გვაქვს მომართვები, გამოხატული ღია ინტერესი, მთავარია – ეს საკანონმდებლო პროცესი ბოლომდე მივიდეს, რომ იმ ნორმატიული აქტების ამოქმედება, ცვლილებების განხორციელება დაიწყოს, რომელიც ჩარჩო კანონმდებლობით სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო აქტებში, კოდექსებშია გაწერილი. ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის წინგადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, როგორც სასურსათო უსაფრთხოების ასევე ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელსაც მსგავსი კანონმდებლობა ექნება”, – განაცხადა მარუაშვილმა.
მანვე განმარტა, რა კატეგორიის პროდუქცია მოხვდება “სურსათის ბანკში”. მისი თქმით, “სურსათის ბანკიდან” საზოგადოებამდე მხოლოდ უვნებელი პროდუქტი მივა.
“რაც შეეხება თავად სურსათის კატეგორიზაციას. ჩვენ, პირველ ყოვლისა, ყურადღებას დაბალი რისკის შემცველობის მქონე სასურსათო პროდუქტზე ვამახვილებთ. ვგულისმობთ, მაგალითად, ბურღულეულს, მშრალ პროდუქციას, ხილს, ბოსტნეულს, არამც და არამც პირველ ეტაპზე ისეთ პროდუქციას, რომელიც უვნებლობის თვალსაზრისით მაღალ რისკებს შეიცავს, მაგალითად, ხორცპროდუქტებს, რძის პროდუქტებს. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სათანადო ინფრასტრუქტურის და სისტემის გამართულად მუშაობის შემთხვევაში შეწირულობაში მაღალი რისკის შემცველობის პროდუქციის ჩაშვებაც ხდება.
“სურსათის ბანკიდან” საზოგადოებამდე მხოლოდ უვნებელი პროდუქტი მიდის. საუბარია უვნებელ პროდუქტზე, არამც და არამც დაბალი ხარისხის და ნარჩენად ქცეულ პროდუქტზე, რომელიც დახლზე აღარაა განთავსებული.
პროდუქტების უმრავლესობას ორი ვადა აქვს, ესაა “უმჯობესია გამოყენებული იქნეს”, პირობითად 1 -ელ ოქტომბრამდე. ასევე, “უვნებელია” პირობითად, 10 ოქტომბრამდე. მას შემდეგ, რაც პროდუქციას პირველი ვადა გასული აქვს, ხშირ შემთხვევაში მისი დახლიდან მოხსნა და განადგურება ხდება. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ პირველი ვადის გასვლის შემდეგ პროდუქცია უვნებელია და შესაძლებელია, მოვიხმაროთ იმ ვადამდე, სადაც მითითებულია, რომ ვარგისია, პირობითად, 10 ოქტომბრამდე. ვადის გახანგრძლივებაში ეს იგულისხმება.
ამ კანონის მიზანია ის, რომ სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის შემცირება მოხდეს და, მეორე მხრივ, ის უვნებელი სურსათი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ნადგურდებოდა, ” სურსათის ბანკს” გადაეცეს და ბანკი მოსახლეობაში გაანაწილებს.
2021 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ საკმაოდ შემაშფოთებელი მონაცემი დაიდო, გამოკვლეული იქნა სურსათის ნარჩენის ოდენობა საქართველოში, რამაც 1 წლის განმავლობაში 600 ათას ტონას მიაღწია. ეს ძალიან სამწუხარო მაღალი მაჩვენებელია”, – განაცხადა მარუაშვილმა.
მანვე განმარტა, ვის ექნება შესაძლებლობა, სურსათი დონაციით “სურსათის ბანკს” გადასცეს.
“კანონი მოიცავს როგორც საცალო მოვაჭრეს, ისე, ჰორეკა სექტორს, კანონი ამ პროცესში ჰორეკა სექტორის მონაწილეობას არ გამორიცხავს. რაც შეეხება ფიზიკური პირების მხრიდან შეწირულობას – მთავარი საკითხი სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვა გახლავთ. შეწირულობის გაკეთება მხოლოდ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, სურსათის ბიზნესოპერატორს შეეძლება. ეს პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ ფიზიკური პირის მიერ შენახული პროდუქციის შენახვის პირობების გაკონტროლება წარმოუდგენელია”, – განაცხადა მარუაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას და ეს კანონპროექტი ამ საკითხის გადაწყვეტას ითვალისწინებს.
„ეს ინიციატივა მიმართულია იქითკენ, რომ საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდეს და ადამიანებს მათი გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდეს. კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ სურსათის ნარჩენად ქცევის პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.
თამუნა შეყილაძე