ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე გაგრძელდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე გაგრძელდება.

„ჩვენ მოვუსმინეთ ბორელს, ასევე, მაღალი თანამდებობის სხვა პირებს, მათ შორის, ბატონ კოპმანს, რომელიც ევროკომისიაში შესაბამის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შინაარსიც არის შემდეგი – გაგრძელდება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს პროექტი გაეგზავნება, პირველ ყოვლისა, ვენეციის კომისიაში, დაველოდებით იქიდან დასკვნას და ამის შემდეგ გააგრძელებს მთავრობა მუშაობას.

მეორე ნაწილში რეკომენდაცია იყო ის, რომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომებს. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ თავად ევროკომისიას, რომ მათაც უარი თქვან პერსონალიზებულ მიდგომაზე, თორემ ის ჩანაწერი, რომელიც მოცემულია 12 პრიორიტეტში. თავისთავად გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას და გახსოვთ, რომ სწორედ ასეთი პერსონალიზებული მიდგომით იყენებდა ბოროტად ამ ჩანაწერს თავის დროზე როგორც ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ასევე, კონკრეტული ევროპარლამენტარები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა უცხოელი პოლიტიკოსები“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები