ირაკლი კობახიძე – სუს-ის ინფორმაციაზე: მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს (ოპოზიცია) რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ფორმა, შინაარსი, რომლებიც იქნა გაშლილი სუს-ის ბრიფინგში, არის უკიდურესად შემაშფოთებელი. იქ საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, მათ შორის, ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა საქმე – აფეთქება, იარაღის გამოყენება და ა.შ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ ასეთი პროვოკაციები და ასეთი სცენარი იყოს თავიდან აცილებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.