პრეზიდენტი: პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა
პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გაგზავნილა”,- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მათივე ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთ უმსხვილესია ამ დრომდე დაწესებულ შეზღუდვებს შორის და 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან ამავე წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა.