საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი.
ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი – მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით.