ირაკლი ქადაგიშვილი: ათ წელზე მეტია, ოთარ ფარცხალაძეს პოლიტიკურ და საჯარო სივრცესთან შეხება არ ჰქონია

„ათ წელზე მეტია, რაც ოთარ ფარცხალაძეს არც პოლიტიკურ და არც საჯარო სივრცესთან შეხება არ ჰქონია. მით უმეტეს, პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია, მსგავსი არ არსებობს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე განაცხადა.

მისივე თქმით, რაიმე გადაწყვეტილებას კონკრეტული ინფორმაცია და არგუმენტაცია როცა არ მოჰყვება, შემთხვევითობის სინდრომი თავისთავად ჩნდება.

“ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანს არც ტელევიზია აქვს, არც რომელიმე ორგანიზაციას აფინანსებს და არც პოლიტიკური პარტია აქვს. რუსეთში ბიზნესი ბევრ ქართველს აქვს. როცა საუბარია, რომ ზეგავლენას ახდენდა, ამის რაიმე დამამტკიცებელი ფაქტი უნდა იყოს. სუს-მა თქვა, რომ მოკვლევას ჩაატარებს, რათა მეტი ინფორმაცია იყოს. რაიმე გადაწყვეტილებას კონკრეტული ინფორმაცია და არგუმენტაცია როცა არ მოჰყვება, შემთხვევითობის სინდრომი თავისთავად ჩნდება. ეს მოსამართლეების სანქცირების დროსაც არ იყო, რის გამო მოხდა და რა გადაცდომა ჰქონდათ, რომ ამერიკაში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესდათ. როცა კონკრეტიკა არ არის, მაშინ აქტიურად დგება დღის წესრიგში შემთხვევითობა. ამერიკის ჩანაწერშიც წერია: „შესაძლო კავშირი“. ვინაიდან „შესაძლო“ წერია, თავადაც მიიჩნევენ შესაძლო კავშირს. კონკრეტიკა რომ ყოფილიყო, გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მათივე ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთ უმსხვილესია ამ დრომდე დაწესებულ შეზღუდვებს შორის და 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან ამავე წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები