ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დახურვა

  5 სექტემბერს, ნიქოზის ანიმაციური ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი გერმანელი რეჟისორის რაიმუნდ კრუმეს ფილმების ჩვენებითა და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტით ოფიციალურად დაიხურა. ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე დაესწრნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიქოზის ანიმაციური ფილმების სკოლა და კულტურის სახლი ნიქოზის ანიმაციური ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალს 1- დან 6 სექტემბრამდე მასპინძლობდა.
5 დღის განმავლობაში ფესტივალზე წარმოდგენილი იყო იაპონური, გერმანული, რუსული, ბულგარული, პოლონური და იტალიური ანიმაციური სტუდიების მიერ შექმნილი ფილმები და ესკიზები, გაიმართა სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენა და კლასიკური მუსიკის კონცერტი.
ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების ყოველწლიური ფესტივალი „ნიქოზი“ 2011 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ანიმატორები იღებენ. ფესტივალის ფარგლებში სისტემატურად იმართება მასტერკლასები ქართველი ანიმატორებისთვის.
ფესტივალის მიზანია საქართველოს ერთ-ერთ ურთულეს და პოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში, ლიახვის ხეობის სოფელ ნიქოზში, ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა და სხვა რეგიონების ახალგაზრდა ანიმატორთა პროფესიული ზრდა, საქართველოში ანიმაციის განვითარება და რეგიონის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება.
ფესტივალში მონაწილეობდნენ:
ანიმაციური ფილმების ტელესტუდია “პოზნანი” (პოლონეთი)
ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სამხატვრო ხელმძღვანელი მარსელ ჟანი (საფრანგეთი)
რეჟისორი საჩიკო კონდო (იაპონია)
კომპოზიტორი ანდრეა მარტინონი (იტალია)
რეჟისორი კელი ლუსლი (აშშ)
სტუდია „ანიმოსი“ (რუსეთი)
რეჟისორი რაიმუნდ კრუმე (გერმანია)
პროდიუსერი რონ დაიმონდი (აშშ)
ფრანგი მეთოჯინე მონიკა შეგანი (საფრანგეთი)
პროდიუსერი ოლივიე კატერინი (საფრანგეთი)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები