ექსპერტის შეფასებით, გარემოს დაბინძურება არის ის, რაც ტურიზმის განვითარებაზე უშუალოდ ზემოქმედებს
მიხეილ თოქმაზიშვილი პრემიერის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც გარემოს დაბინძურებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების მაქსიმალურ გამკაცრებას გულისხმობს და აღნიშნავს, ეკოლოგიურად სუფთა გარემო ტურიზმის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.
“საქართველოში ტურიზმი გამოცხადებულია, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებად და ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ეკონოლოგიურ მდგომარეობას უნდა მიექცეს. გარემოს დაბინძურება არის ის, რაც უშუალოდ ზემოქმედებს ტურიზმის განვითარებაზე. თუ არ არის ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ბუნებრივია, ტურისტების მოზიდვაც გართულდება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ზრუნვას გარემოზე აუცილებელს ხდის”, – აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, მეორე აუცილებლობა, რომელიც გარემოს უსაფრთხოებაზე არის მიმართული, არის საქართველოს ვალდებულება, რომ თვითონ ქვეყნის მოსახლეობისთვის გარემო იყოს უსაფრთხო.
“ეს ვალდებულება ჩაწერილია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში და ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით საქართველომ უნდა დასახოს გარკვეული ღონისძიებები”, – აღნიშნა მიხეილ თოქმაზიშვილმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ორი მიმართულება არსებობს – ცნობიერების ამაღლება და დაძალება.
“ცნობიერების ამაღლება ისეთი ეფექტური არ შეიძლება იყოს, როგორც ჯარიმების სისტემა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება სუფთა გარემოში. ვფიქრობ, ჯარიმების ამოქმედება ეფექტური იქნება. გაიხსენეთ, არც ერთი მძღოლი და მგზავრი არ იკეთებდა ღვედს. მას შემდეგ კი, რაც ჯარიმები ამოქმედდა, ძალიან იშვიათად დაინახავთ ვინმეს ღვედის გარეშე. ანუ ეს მომედებს, ეფექტური სისტემაა”, – აღნიშნა თოქმაზიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის ინიციატივით, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმები მაქსიმალურად გამკაცრდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამას ითვალისწინებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.