დევნილთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა თაღლითობის გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა აღნიშნულ ფაქტზე თაღლითობის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყეს. „მოქალაქე, თავადაც დევნილი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მეორე დევნილს ბინის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. მეტი დამაჯერებლობისთვის იგი ამტკიცებდა, რომ ამ საქმეში სამინისტროს მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულნი.
როგორც კი ეს ფაქტი ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ პროცესში მყისიერად ჩავრთეთ შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურები. ეს პიროვნება უკვე დაკავებულია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იმედი გვაქვს, იგი სათანადოდ დაისჯება.
ჩვენი სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა დევნილთათვის გამოყოფილი თითოეული თეთრი მიზნობრივად დაიხარჯოს. ბინების განაწილება კი ხდება მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებითა და მინიჭებული ქულებით, რაც გამორიცხავს ყოველგვარ “ჩაწყობასა” და კორუფციას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ დევნილებს, ნუ გახდებიან თაღლითების მსხვერპლნი და ნებისმიერი ასეთი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, სამინისტროს ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდნენ. ანონიმურობა დაცული იქნება. დღევანდელი ჩვენი ბრიფინგის მიზანია საზოგადოების და უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბენეფიციარების: დევნილების, ეკომიგრანტების, ლტოლვილების, მიგრანტების და რეპატრიანტების გაფრთხილება, რომ არ შევიდნენ ამგვარ დანაშაულებრივ გარიგებებში არავისთან, რადგან ამ გზით ისინი თავიანთ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ. კიდევ ერთხელ, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება ჩვენს ბენეფიციარებს, მიიღება ღიად, გამჭვირვალედ, კომისიურად, სადაც ჩართული არიან ავტორიტეტული საერთაშორისო დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც გამორიცხავს უკანონობას და არაობიექტურობას“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები