გენადი არველაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს ოლგა ალგაიეროვას შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საგზაო უსაფრთხოება, მინერალური რესურსების ათვისება და სხვ. აღინიშნა, რომ პროექტები, რომლებიც ევროპის ეკონომიკური კომისიის ეგიდით ხორციელდება, ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ მონაწილეობას რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე.
განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო – ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის, ასევე ჩვენს ქვეყანაზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელი მდივანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც მიმდინარე წელს შემოდგომაზე გაიმართება.