ირაკლი ბერაია: შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქვეყანამ მიაღწია უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის

„შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქვეყანამ მიაღწია უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს მთავრობას სტრატეგიული ამოცანების შესრულება უწევს ურთულეს გეოპოლიტიკური რეალობაში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიით და ახალი გამოწვევების აღმოცენებით კიდეც უფრო კომპლექსური გახდა საფრთხეების ეკოსისტემა, რომელშიც საქართველო იმყოფება.

„ვინაიდან უსაფრთხოება არის საქართველოს განვითარების აუცილებელი წინაპირობა, მთავრობის უმთავრესი საზრუნავი იყო და არის ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე, მშვიდობის დაცვა და ეგზისტენციალური საფრთხეების შემცირებასთან ერთად ამბიციური დღის წესრიგის განხორციელება.

სახეზეა ხელშესახები შედეგები ყველა მიმართულებით: ქართული ჯარი არასოდეს ყოფილა ისეთი ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი, როგორც არის დღეს; ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ისეთი გამართული და ანგარიშვალდებული, როგორც დღეს. ქართული სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, კონტრტერორისტული საქმიანობა გაშლილი საფრთხეების, პრაქტიკულად, ყველა პოტენციურ კერაში წარმოდგენილია პოზიციურად ისე ძლიერად და მაღალეფექტიანად, როგორც არასდროს. ჩვენი სახელმწიფო საზღვრის კონტროლირებადი მონაკვეთი სათანადოდ დაცულია. უსაფრთხოების ოფიცრები, მზვერავები, ჯარისკაცები, პოლიციელები და მაშველები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით დაფასებულები არიან. საქართველო წინ არის წასული ნატოში ინტეგრაციის გზაზე გაწევრების ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტით და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გადაწყვეტილებები არ მიიღება საქართველოს მონაწილეობის და ინტერესების გათვალისწინების გარეშე“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები