განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებები განიხილა
“მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებები დეპუტატებს ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა გააცნო. მისი თქმით, კანონპროექტით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, გასწორდება „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში არსებული ტექნიკური უზუსტობები. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებულია დეფინიციების – „მედიამომსახურება”, „ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება”, „სარედაქციო პასუხისმგებლობა” დაზუსტება.
კანონპროექტის თანახმად, შემოღებული იქნება გამარტივებული ავტორიზაციის წესი ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისთვის და ისინი ავტორიზაციას გაივლიან კომუნიკაციების კომისიისთვის ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენის გზით. როგორ მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტი არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, აღნიშნული დარღვევისთვის პირველივე შემთხვევაში მაუწყებლებს ჯარიმის ნაცვლად დაეკისრებათ წერილობითი გაფრთხილება, ხოლო ყოველი მომდევნო დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას.
„კანონპროექტით მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირებას დარღვევისთვის აღარ მოახდენს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. აღნიშნულ საკითხებს განიხილავს მაუწყებლის მიერ ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნილი თვითრეგულირების ორგანო”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე განმარტებით, კანონპროექტი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაწილს წარმოადგენს და მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის მიერ გაცემული რეკომენდაციები.