შალვა პაპუაშვილი: აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია, ფულით იყიდონ უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები

“ეს არის კიდევ ერთი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებულია ქვეყნის გარეთ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ფორმულამ“ ლობისტური კომპანია დაიქირავა.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია, ფულით იყიდონ უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები, სტატიები, მედიარეპორტაჟები და გააშავონ საქართველოს რეპუტაცია ქვეყნის გარეთ.

„ჩვენ ვნახეთ მსგავსი სახის გარიგებები მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ახლა ვხედავთ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით და ვნახეთ ამის შედეგები, რა იყო. ამის შედეგი იყო ნაყიდი სტატიები მედიაში, ნაყიდი რეპორტაჟები მედიაში, ნაყიდი ექსპერტები, ნაყიდი განცხადებები. ეს არის ჩვეულებრივი დასტური პოლიტიკური კორუფციისა. ამიტომ, ამ მხრივ უნდა შევხედოთ და დავაკვირდეთ. ერთი მხრივ, გავიხსენოთ ყველა ის პოლიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი, მედია თუ ა.შ. უცხოელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აკეთებდა განცხადებებს, თითქოს, მიდიოდა მისი წამება, არასათანადო მოპყრობა და ა.შ. და დავსვათ კითხვა – იმ მილიონიდან, შემთხვევით ხომ არ მოხვდა გარკვეული წილი ამ ყოფილ ელჩებთან, დიპლომატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილ ლიდერებთან, რომლებიც დღეს უცხო ქვეყნიდან საქართველოს ჭკუის დარიგებით არიან და საქართველოს დისკრედიტაციით არიან დაკავებული. და მეორე – დავაკვირდეთ, დღეის შემდეგ ვისგან იქნება განცხადებები დავით კეზერაშვილის მხარდამჭერების და იქვე დავსვათ კითხვა, ამ ნახევარი მილიონიდან რა წილი მოხვდა ამ ყოფილი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლების თუ ა.შ. ჯიბეში. ეს კიდევ ერთხელ, ჩემი აზრით არის ნათელი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომლის წყალობითაც საქართველოს იმიჯის შელახვა ხორციელდება ქვეყნის გარეთ.

ეს აჩვენებს ერთ რამეს – აღმოჩნდა, რომ ფულით შესაძლებელია, იყიდონ უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების თუ ა.შ. განცხადებები. იყიდონ სტატიები, იყიდონ მედია რეპორტაჟები და გააშავონ საქართველოს რეპუტაცია ქვეყნის გარეთ. აი, ეს დასტურდება, ნამდვილად. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, აიღონ სააკაშვილთან დაკავშირებული განცხადებები, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული მხარდამჭერი განცხადებები უცხოელების მხრიდან, დადონ გვერდზე ეს ხელშეკრულება და შემდეგ ივარაუდონ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები