შალვა პაპუაშვილი: ვიმედოვნებ, ევროკავშირის მიერ სათანადოდ იქნება დაფასებული პროგრესი და საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება

“ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპული მომავლისათვის სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, ევროკავშირის მიერ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება დაფასებული და წლის ბოლოს საქართველოს დამსახურებულად მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეების ვიზიტი საქართველოსადმი მხარდაჭერის ნათელი გამოვლინებაა.

„განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ვიზიტს და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელი რთული გამოწვევებით სავსე გზაზე და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვან პერიოდში შედგა. ეს ვიზიტი საქართველოსადმი სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის დიდი მხარდაჭერის ნათელი გამოვლინებაა. საქართველოს სამივე სახელმწიფოსთან ხანგრძლივი, მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა აკავშირებს. სამივე ქვეყანა საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და საგარეო პრიორიტეტების განხორციელების მტკიცე მხარდამჭერია. მოწადინებული ვართ, გავაღრმაოთ დიალოგი ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში ძლიერ ძალად ჩამოყალიბდნენ და წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენენ. შეხვედრაზე სამივე ქვეყნის წარმომადგენელს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში წევრობის გზაზე. ასევე, კოლეგებს გავაცანი რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპული მომავლისათვის სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, ევროკავშირის მიერ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება დაფასებული და წლის ბოლოს საქართველოს დამსახურებულად მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები