ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს მთავრობას ერთი წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე მოუწია გავლა, მაგრამ ამოცანებს თავი გაართვა, რაც მთავარია, დღეს ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს სტაბილურობა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეფასებისას აცხადებს, რომ რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გაზრდილი გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობას ბეწვის ხიდზე მოუწია გავლა, თუმცა ამოცანებს თავი გაართვა. სამხარაძის თქმით, ქვეყანაში დღეს შენარჩუნებულია სტაბილურობა.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ იმედი აქვს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წლევანდელი წელი წარმატებული იქნება. ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, საქართველო ე.წ. საშინაო დავალებას შეასრულებს და შემდეგ ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„საქართველოს მთავრობას საკმაოდ რთული ერთი წელი ჰქონდა, მათ შორის, საგარეო ასპარეზზეც. მთლიანად რეგიონში დამძიმებულია უსაფრთხოების რისკები რუსეთის სამხედრო აგრესიიდან გამომდინარე. ასევე, ჩვენი ორი მეზობელი – სომხეთი და აზერბაიჯანი კონფლიქტის ფაზაში არიან და, ზოგადად, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან გაზრდილია. პრინციპში, მთავრობას ამ ერთი წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე გავლა მოუწია, მაგრამ მთავრობამ ამ ამოცანებს თავი გაართვა. რაც მთავარია, დღეს ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს სტაბილურობა, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენ გავააქტიურეთ ძალისხმევა როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წლევანდელი წელი იქნება წარმატებული და ამის საფუძველი ჩაიყარა.

რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირისგან გადმოგვეცა, ძირითადი სამუშაო მაინც პარლამენტს დააწვა. მთავარი მხოლოდ კანონების მიღება არ არის, კანონების აღსრულებაც მნიშვნელოვანია და სწორედ აქ არის მთავრობის როლი. ივნისის ბოლოს, როდესაც ჩვენ კონკრეტულად 12 რეკომენდაციაზე მუშაობას დავასრულებთ, ეს მოგვცემს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანამ ე.წ. საშინაო დავალება შეასრულა, შემდეგ უკვე გადაწყვეტილება ევროკავშირის მხარეს იქნება. რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მთავრობის ვალია, აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში, რა პროგრესი გვაქვს და როგორ მიმდინარეობს იმ გამოწვევებთან ბრძოლაც, რომლებიც საქართველოს აქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველო მაქსიმუმს აკეთებს და დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც, ერთი მხრივ, მოწოდებულია, რომ დაიცვას ქვეყნის როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური ინტერესები, მეორე მხრივ, წინ წავიდეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„ოპოზიცია იმისთვის არის, რომ ხელისუფლება აკრიტიკოს, თუმცა ჩვენთან, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და შემდეგ ეკითხები, შენ სხვანაირად რას გააკეთებდი, ამაზე პასუხი არ აქვთ, რადგან, რეალურად, ყველა ხვდება, რომ იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც საქართველოა, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს და დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც, ერთი მხრივ, მოწოდებულია, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური ინტერესები, მეორე მხრივ, წინ წავიდეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება უკრაინას, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოს საკმაოდ მტკიცე პოზიცია აქვს.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ყველა საერთაშორისო ფორუმზე ჩვენ არათუ მხოლოდ მხარი დავუჭირეთ უკრაინას, არამედ ძალიან ბევრ შემთხვევაში იმ რეზოლუციების თანაავტორებად და თანასპონსორებადაც გამოვდიოდით, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას ეხებოდა. ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობას ჰქონდა თანმიმდევრული პოლიტიკა და იმ პოლიტიკას ახორციელებდა, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციაში ჩაიწერა. ამ მხრივ, ამ ძალიან რთულ წელს მთავრობამ კარგად გაართვა თავი ამ მუშაობას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები