გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თემატური მოკვლევის შედეგებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „დაბალემისიიანი მობილობის გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ“ ჩატარებული თემატური მოკვლევის შედეგების ზეპირი მოსმენა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, ჩატარებული თემატური მოკვლევა მიზნად ისახავდა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე არსებული გამოწვევების გამოვლენითა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირებით, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

ექსპერტებმა, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ მოკვლევას, გაწეული საქმიანობის თაობაზე ისაუბრეს.

„თემატური მოკვლევის იდეა დაიბადა არსებული გამოწვევების გაანალიზების შედეგად. როდესაც მდგრად ურბანულ მობილობაზე ვსაუბრობთ, ვხედავთ კავშირს გარემოს დაცვას, სუფთა ჰაერს, ადამიანის ჯანმრთელობასა და ტრანსპორტის განვითარებას შორის. ახლა მიმდინარეობს პროცესები, როგორც სამართლებრივი, ასევე ინფრასტრუქტურული, სადაც სწორი ხედვების და პრიორიტეტების განსაზღვრა გვჭირდება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არ არსებობს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მობილობას დაარეგულირებს და გარკვეულწილად ლოკალური გადაწყვეტების ხარჯზე ვახერხებთ ჩვენ გარკვეული საკითხების დარეგულირებას, ისიც დიდ ქალაქებში“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

შეხვედრაში ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავებულ კითხვარზე მოკვლევის ჯგუფმა ინფორმაცია მუნიციპალიტეტებისაგან გამოითხოვა.

ანგარიშში წარმოდგენილი საკითხების გათვალისწინებით, შემდეგ ეტაპზე შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამის ორგანიზაციებს გაეგზავნება შესასრულებლად. რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი განახორციელებს.

თემატური მოკვლევა უესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური დახმარებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები