მთავრობის ანგარიში: ამერიკული მხარის განცხადებით, საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმსა და შესაბამის ზომებს იღებს

ინტენსიური ძალისხმევა იქნა მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან – 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს.

„ამ მხრივ, აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის „საქართველოში საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენება, რომლის თანახმად, საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმსა და იღებს შესაბამის ზომებს, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლისთვის. ამერიკული მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას.

საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და აშშ-იდან ინვესტიციების წახალისების მიზნით, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე პროგრესის მისაღწევად, გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, აშშ-თან თანამშრომლობა ვითარდებოდა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.

„საანგარიშო პერიოდში შედგა საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი სენატორების – ჯინ შაჰინისა და რიჩარდ დურბინის შემადგენლობით.

აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა 2022 წლის 29 დეკემბერს ძალაში შესული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც, უკვე მე-8 წელია, მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2022 ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება კვლავ უმაღლეს ნიშნულზეა და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA), რომელიც ძალაში 2022 წლის დეკემბერში შევიდა, შავი ზღვის რეგიონისადმი დაფიქსირებული განსაკუთრებული ინტერესი. კანონი ხაზს უსვამს კოლექტიური ძალისხმევის აუცილებლობას შავი ზღვის ქვეყნების თავდაცვითი და მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის და რეგიონის ყველა ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, შავი ზღვისთვის მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი სტრატეგიების მიღებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდი დატვირთული იყო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტებით, რაც ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მზარდ ტენდენციას.

„2023 წლის მარტში აშშ-ის კონგრესში ინიციირებულ იქნა ორპარტიული „შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“, სადაც ხაზგასმულია ამ რეგიონის მნიშვნელობა ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების კუთხით და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ გამოთქმულია მოწოდება შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ქმედითი სტრატეგიის შემუშავების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ აქტი აღნიშნავს თავდაცვის, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ამავე კონტექსტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, კონგრესის დავალებით, დაიწყო „აშშ-ის შავი ზღვის სტრატეგიის“ შემუშავება, რა მიზნითაც, რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად, ვაშინგტონი აქტიურ კონსულტაციებს მართავს ქართულ მხარესთანაც.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და აშშ-ს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რა მიზნითაც 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის პერიოდში თბილისში გაიმართა კონსულტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“, – ნათქვამია ანგარიშში.

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები