კულტურის სამინისტრომ, ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობისთვის, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა“.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსის ბიუჯეტია 25 000 ლარი. კონკურსის მიზანია: თბილისსა და რეგიონებში ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა ბავშვთა შემოქმედებით პროცესში მონაწილეობის გასააქტიურებლად, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად და ხელოვნების სხვადასხვა დარგში პროფესიონალების მოსამზადებლად.
გასულ წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 40 000 ლარი. სამინისტროს მომართა ერთმა განმცხადებელმა, რომელმაც გაიმარჯვა და დაფინანსდა მისი პროექტი – სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“ (განმახორციელებელი – შპს საბავშვო თეატრი „მეორე სახლი“).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს – კერძო სახელოვნებო სტუდიებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი საქმიანობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა).
კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო/საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებული პროექტი/ღონისძიება უნდა დაიწყოს არაუადრეს 2023 წლის 10 ივლისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 2 ივნისიდან 2023 წლის 12 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ტელ.: N 032 2 022229; N 599 02 01 98.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივნისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი: https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები: https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/kwwjwIk7

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები