„ჩემთვის კომფორტული დრო წერისთვის არის ღამე“ – 22 წლის მწერალი ლაშა ხუტიაშვილი, სიყვარულით მოგზაურობა ისტორიაში და… „ცა მიწის ქვეშ“

 დაიბად თელავში. დაამთავრ თელავის მეორე საჯარო სკოლა და 2021 ჩაირიცხ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.
22 წლისაა. ამბობს, რომ კალამთან ურთიერთობა 14 წლიდან დაიწყ. თავდაპირველად წერდ ლექსებს, შემდეგ მცირე რომანების წერა დაიწყ.
სადებიუტო რომანი ცა მიწის ქვეშ 2025 წელს დაიბეჭდა. სამომავლოდ ფიქრობ როგორც პროფესიულ განვითარებას, ასევე აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას. – ლაშა ხუტიაშვილის პერსონა.
– კახეთის ულამაზეს ქალაქ თელავში გაატარეთ ბავშვობა…
–  დავიბადე თელავში 2003 წლისა 16 ივლისს.  ბავშვობიდან  ძალიან ცელქი  ვიყავი, მაგრამ, როგორც დედა მეუბნება, თავისებური –  განსაკუთრებული წარმოსახვის უნარი მქონდა. საათობით შემეძლო ჯდომა და თამაში – ასანთის ღერებით, კარტებით, რომელიც ჩემს წარმოსახვაში იყვნენ მებრძოლები და მეფეები. ამით აიხსნება ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ისტორიისადმი.
პირველი ლექსები
– 14 წლისამ დავიწყე წერა, პირველად ლექსების წერა მომწონდა, მაგრამ ეს ლექსებიც ჩვეულებრივი არ იყო, შეიძლება ჩემი ლექსები რითმით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სიტყვებს ძალიან დიდ ძალას და მნიშვნელობას ვანიჭებდი. ლექსის წერა იყო ერთგვარი შვება და წამალი, რითაც ჩემს ემოციებსა და განცდებს ვუშვებდი და ვთავისუფლდებოდი შინაგანი წუხილით ან ბედნიერების გრძნობით.
როგორ დაგამახსოვრდათ სკოლის პერიოდი?
– სკოლის პერიოდი ძალიან კარგი იყო, შეიძლება ძალიან კარგი მოსწავლე არ ვიყავი, მაგრამ სკოლაში საგნების გარდა ყველაზე უმთავრესი – ადამიანობა ვისწავლე. ეს კი ჩემი ყოველი მასწავლებლის დამსახურებად უნდა ჩავთვალოთ. სკოლაში ცოტა ვზარმაცობდი, მაგრამ ისტორიის საგანი თავიდანვე  გამორჩეულად მიყვარდა. ასევე, სკოლის პერიოდში  და აბიტურიენტობისას, მეტად დავინტერესდი „ვეფხისტყაოსნით“. ეს ჩემი მასწავლებლის – ქალბატონი ნანი ჩიდრაშვილის დიდი დამსახურება იყო, მისი მონაყოლით და ჩემი წარმოსახვის უნარით მე „ვვარდებოდი“ „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში, რასაც ჩემთვის ძალიან დიდი ემოცია მოჰქონდა..
რატომ ისტორიის ფაკულტეტი?
– ისტორია ბავშობიდან მაინტერესებდა. ეს კი დედაჩემის დამსახურებაა, რომელიც მანებივრებდა მრავალი ისტორიული წიგნით. ეს აღმოჩნდა საფუძველი იმისა, რომ უკვე ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ და უფრო მეტად საფუძვლიანად შევისწავლე  სხვადასხვა ისტორიული მოვლენა.
თან სწავლობთ, თან წერთ რომანებს. როდის გიყვართ წერა?
– სხვათა შორის, სწავლა ძალიან მეხმარება წერაში, რადგან ჩემს ნაწერებში მრავლად შეხვდებით ისტორიულ გმირებს და სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას. ჩემთვის კომფორტული დრო წერისთვის არის ღამე. სიწყნარეა, და წერა ჩემთვის თერაპიაა, ასე უბრალოდ დავჯდები და გაუჩერებლივ ვწერ…
შთაგონება თუ გჭირდებათ?
– რა თქმა უნდა, მჭირდება. შთაგონება – ნებისმიერი რამიდან შეიძლება მოდიოდეს, როგორც გაბრაზებისგან ან დადებითი ემოციებისგან, მაგრამ ჩემი მწერლობის მთავარი მამოძრავებელი არის სიყვარული.
სადებიუტო რომანი „ცა მიწისქვეშ“ 2025 წელს დაიბეჭდა. როგორ დაიწერა რომანი? რატომ ვითარდება სიუჟეტი უცხოეთში? რა იყო თქვენი სათქმელი?
– რომანის წერა ზუსტად 2 წლის წინ დავიწყე. თავიდან ძალიან რუტინულად მიდიოდა ყველაფერი, რაღაც გარკვეულ გეგმას მივყვებოდი. ღამე ყოველდღიურად ვჯდებოდი მაგიდასთან და ვწერდი ძალიან ბევრს, მაგრამ იყო  პერიოდი, როდესაც საერთოდ ვეღარ ვწერდი და ეს გაგრძელდა 4 თვემდე. შემდგომ კი ისევ დავუბრუნდი და ბოლომდე მივიყვანე საქმე. ზუსტად იმ დროს, როდესაც ეგრეთ წოდებული ჩავარდნა მქონდა წერაში, მივიღე მრავალი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც შემდგომ ავსახე წიგნში და ძალიან დამეხმარა თითოეული პერსონაჟის ჩამოყალიბებასა და სწორად შექმნაში.
როცა ამ წიგნის წერა დავიწყე, გადავწყვიტე, ხელით მეწერა, რადგან მოვისმინე, რომ ხელით წერის დროს ფანტაზია უფრო კარგად ეხსნება მწერალს და ეს სიმართლე აღმოჩნდა. ჩემს ბლოკნოტში, სადაც ,,ცა მიწის ქვეშ“ დაიწერა, შეხვდებით უამრავ გადახაზულ და ახლიდან ჩასწორებულ   სიტყვას. შემდგომ ეს ყველაფერი გადამქონდა კომპიუტერში და პირველ რედაქტირებასაც  იქ გადიოდა.
და კიდევ, ძალიან მიყვარს ინგლისი და ქალაქი ლონდონი.  ჩემი ოცნებაა, ლონდონის ქუჩებს ფეხი დავადგა და ნამდვილად ვიმოგზაურო იქ. ასევე, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ პერსონაჟებს ჰქონოდათ უცხოური სახელები, რადგან რაღაცნაირად მიადვილდება მათი ჩამოყალიბება და საუკეთესოდ წარმოჩენა. ქართული სახელებით რაღაცნაირად არ მიყვარს.
რატომ უწოდეთ რომანს „ცა მიწის ქვეშ“? გამოგონილი პერსონაჟები არიან თუ რეალურ ცხოვრებაში ჰყავთ პროტოტიპები?
– რომანის სათაურს ასეთ ახსნას ვუძებნი. ჩემთვის ცა ასოცირდება სიყვარულთან, ღმერთთან, თავისუფლებასთან და ყოველგვარ კარგთან, რაც ჩვენს სამყაროში არსებობს, ხოლო ეს ცა რომანის მთავარი პერსონაჟისთვის არ არსებობს და, ასე ვთქვათ, მიწის ქვეშ არის მოქცეული. ჩვენ კი  ამ წიგნში მისი გარდასახვის პროცესს ვიხილავთ.
რა თქმა უნდა, რომანის ყველა პერსონაჟი რეალური ადამიანების პროტოტიპია და არცერთი მათგანის თვისება მე არ გამომიგონია.
საქართველოს ისტორიის რომელი პერიოდი გიყვართ? და დღევანდელობას თუ შეადარებდით წარსულის რომელიმე ხანას?
– ჩემთვის გამორჩეული პერიოდი მე-12 საუკუნეა, როდესაც საქართველოში იყო „ოქროს ხანა“ და ჩვენი ხალხი ცხოვრობდა კარგად. დღევანდელობას შევადარებდი საქართველოს ისტორიის პერიოდს, როდესაც საქართველო სამეფო სამთავროებად დაიშალა და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, და არა იმ მტერს, რომელიც ჰყავდათ.
დღევანდელობა კი ასეთია – ისევ გადასულები ვართ ერთმანეთის დაჭმასა და განადგურების პროცესში, რაც ძალიან მტკენს გულს.
ამჟამად რაზე მუშაობთ?
– არაფერზე, რადგან ცოტა რთული პერიოდი მაქვს: უნივერსიტეტის გამოცდები, საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც დავწერე და უნდა დავიცვა, ასევე გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი, რომელიც მომავალში მასწავლებლად გახდომაში დამეხმარება.
ჰობი…
– ფოტოგრაფია ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც წერითი ხელოვნება, რადგან მიყვარს ის პროცესი, თუ როგორ ავსახავ  გარკვეულ მოვლენას, ჩემს კადრში.მწერლის პორტრეტი – თქვენი თვალით დანახული…
–  ჩემი აზრით, ყოველი მწერლის დანიშნულებაა, ასახოს როგორც გარკვეული მოვლენები, რომელიც ჩვენ გარშემო ვითარდება, ასევე საინტერესოა, ფურცელზე გადმოიტანოს ის ყველაფერი, რაც ადამიანის გულსა და გონებაში ვითარდება. ამით მან ემოცია უნდა მიიტანოს მკითხველთან. მწერალმა ყველა ადამიანის სათქმელი უნადა თქვას. ის ძალიან ბევრს უნდა მოგზაურობდეს, რათა მარტივი პარალელების გავლება შეეძლოს – როგორც თავისი ქვეყნის საზოგადოების ცხოვრების ამსახველი, ასევე კარგად უნდა იცნობდეს უცხო ქვეყნის ცხოვრებასაც, რომ ეს ყველაფერი შეძლოს. მწერალი უნდა იყოს დეტალებზე ორიენტირებული, რადგან ჩვენი ცხოვრების თითოეულ დეტალზე შეიძლება ძალიან ბევრი წიგნის დაწერა.
სამომავლო გეგმები…
– ჩემი სამომავლო გეგმები ჯერჯერობით არის მასწავლებლის 60-კრედიტიანი სასწავლო პროგრამის დამთავრება, შემდგომ მასწავლებლობა, მაგისტრატურაში სწავლა ისტორიის მიმართულებით და ასევე წერის უნარების განვითარება, რათა საზოგადოებას შევთავაზო უფრო უკეთესი რომანები.

 

                                                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები