მაია ბითაძე: რევოლუცია დაივიწყოს ყველამ ამ ქვეყანაში

„რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს.

„რეალურად ყველა ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადავდგით და პოლიტიკური მოთმინების გრძელი გზა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განვლო – ეს ყველაფერი გათვლილია არა ფრაგმენტულად ცეცხლის ჩაქრობებზე, არამედ გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ამ ქვეყანას აარიდებს როგორც რევოლუციას, ასევე ნებისმიერ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში ჩართვას, რომელში ჩართვა და ჩვენი გამოყენება შეიძლება, სურდეს რომელიმე გარე ძალას.

ასე რომ, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ პრაგმატულ და მშვიდ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, ყველას კარგად გვახსოვდეს ის გეოგრაფიული მდებარეობა, სადაც ჩვენი სამშობლო მდებარეობს და ის ცეცხლი, რომელიც ჩვენი სამშობლოს საზღვრებს მიღმა ძალიან ახლოს გიზგიზებს – იქნება ეს რეალური ომები და კონფლიქტები თუ პოლიტიკური ტურბულენტობა. მათ შორის არის ის ნათელი მაგალითები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე მიუთითებს სხვადასხვა ორგანიზაციის ფორმატში და სახელმწიფოების მხრიდან.

ასე რომ, რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება და ყველაზე დიდი გეგმა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს, ბუნებრივია, ეყრდნობა ქართველი ხალხის გონიერებას, მათ მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე ამ სამშვიდობო პრაგმატულ პოლიტიკას აქამდე ვერ მოვიტანდით, რომ არა ქართველი ხალხის გონიერება, სიბრძნე და გამოცდილება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები