ზურაბ ჩხაიძე: ჩემს ოჯახს ნამდვილად დიდი სანერვიულო შეხვდა, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია
„ჩემს ოჯახს ნამდვილად დიდი სანერვიულო შეხვდა, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია,“- ამის შესახებ ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე მისი შვილის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, არსებულ სიტუაციაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ სიმართლე არ დაიკარგოს იმ აბსურდულ ბრალდებებსა და დაუსაბუთებელ სპეკულაციებში, რაც ბოლო დღეებში კონკრეტული ჟურნალისტებისგან ისმის.
„რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი ნამდვილად დააკავეს, შენახვის უფლებით ოფიციალურად გაფორმებული იარაღის, ხაზს ვუსვამ, გაფორმებული იარაღის ერთი სახლიდან მეორეში – აგარაკზე უნებართვოდ გადატანის გამო. ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, მაგრამ ერთ-ერთი მსუბუქი კატეგორიის.
მიუხედავად ამისა, პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ, ყველა არსებითი გარემოების გათვალისწინებით – ნასამართლობის არქონა, პიროვნული მახასიათებლები, მუდმივი სამსახური ევროპაში და სხვა – საპატიმრო გირაო შეუფარდა (მაქსიმალურად მაღალი ოდენობით). პროკურატურა გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ ფონზე მელაძის ჟურნალისტები სვამენ აბსურდულ კითხვებს – „როგორ დაალაგე საქმე სასამართლოში?“ – ამ დროისთვისაც, ჩემი შვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. და არც ის ვიცი, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.
ჩემს ოჯახს ნამდვილად დიდი სანერვიულო შეხვდა, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. და როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – იქნება ის ჟურნალისტი თუ სხვა პროფესიის ადამიანი. არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები და განზრახ გავრცელებული დეზინფორმაცია, თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს,“- წერს ზურაბ ჩხაიძე.