საქართველოს კულტურის სამინისტროში ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროში ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის განცხადებით, მუზეუმების განვითარების პროცესის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა, მალე შეუერთდება ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მცხეთისა და სტეფანწმინდის მუზეუმები. საქართველოს მასშტაბით გაერთიანდება სამუზეუმო ფონდებიც, რომელზედაც ერთიანი სამეცნიერო ინსტიტუცია იზრუნებს.
თინათინ რუხაძემ ყურადღება გაამახვილა სამუზეუმო სფეროში სამეცნიერო მუშაობის გაძლიერებასა და ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვის აუცილებლობაზე.
“მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სამეცნიერო მუშაობას მემკვიდრეობის შენარჩუნების და განვითარების კუთხით. მუზეუმებს აქვს თავისი პროგრამა. წლებია ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს საქართველოს კულტურის სამინისტროს. გამოცხადდება სამეცნიერო გრანტები, დაფინანსდება პროექტები. უნდა გავზარდოთ ახალი თაობა, რათა სწორად განვითარებაში წყვეტა არ გვქონდეს. სწორედ თქვენთან არის დაკავშირებული ჯანსაღი ამბიცია, ხელი შეგიწყოთ, რომ მეტი სამეცნიერო აღმოჩენა აკეთოთ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გეგმაშია ღვინის მუზეუმის შექმნა, რაზეც უკვე არსებობს მეცნიერების ხედვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: კულტურის მინისტრის მოადგილეები ბექა დავითულიანი და გიორგი მირცხულავა, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.